ანითლი არის თურქეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მარდინის პროვინციაში, მიდიათში მდებარეობს. იგი წარსულში “ჰაჰ”-ის სახელით იყო ცნობილი და წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს აბრეშუმის დიდ გზაზე.
მიდიათი არის თურქეთის უძველესი ქალაქი, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ისტორია გააჩნია. მან თავის დროზე სახელი გაითქვა ტოლერანტული და მშვიდობიანი გარემოთი, სადაც ერთად ცხოვრობენ ასურელები, მუსულმანები, იეზიდები და სხვა თემის წარმომადგენლები. მიდიათში სტუმრობისას თქვენ იმოგზაურებთ შორეულ წარშულში და გაეცნობით მრავალ განსხვავებულ კულტურასა და ტრადიციას.
ისტორიული ეკლესია-მონასტრები
ანითლიში აღმოაჩინეს მიდიათის გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ეკლესია-მონსატრები, რომლებიც 2021 წლის აპრილში შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პირველად სიაში (ტურ აბდინი). აღსანიშნავია ტურ აბდინი – უნიკალური კულტურული ადგილი და უძველესი ცეტრი აღმოსავლეთის მონაზვნობისა, სადაც დაახლოებით 80 სოფელი და 70 მონასტერი მდებარეობს. ამ უკანასკნელთაგან ბევრი დღესაც მოქმედია. ტურ აბდინი, რომლის სახელიც “თაყვანისცემის მთად” ითარგმნება, მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილშია მოქცეული. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მის პირობით საზღვრად შეიძლება ჩაითვალოს მდინარე ტიგროსი, სამხრეთით – თურქეთ-სირიის თანამედროვე საზღვარი, ხოლო მის დასავლეთ ფორპოსტად ითვლება ქალაქი მარდინი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ერთ-ერთი ცენტრი. ამ რეგიონში, რომელიც განთქმულია წმინდა მოღვაწეებით, შემონახულია უძველესი ქრისტიანული ტრადიციების კვალი და იგი სირიელი მართლმადიდებელი ქრისტიანების მნიშვნელოვან და ტრადიციულ დასაყრდენს წარმოადგენს.
ტურ-აბდინის სულიერ ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს წმინდა გაბრიელის მონასტერი – მორ გაბრიელი. სპეციალისტების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქრისტიანული მონასტერი მსოფლიოში. მისი პირველი დათარიღება 397 წელს განეკუთვნება, რაც 8 წლით უსწრებს პალესტინის წმინდა საბას მონასტრის დაარსების თარიღს. ტრადიციის თანახმად, მონასტერი მორ შმუილმა (სამუილმა) და მორ შემუნმა (სიმონმა) დააარსეს. ისინი წარმოშობით სირიელები იყვნენ.
ტურ აბდინის ეკლესიები და მონასტრები ადრეული ბიზანტიური პერიოდიდან დღემდე ატარებენ სამონასტრო არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშებს. ანიტლის სამი მონასტერი, რომლებიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მოწმობს ძველ სირიულ ენაზე გავრცელებული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესახებ ინფორმაციას. დღეს „ტუროიო“, სირიულის ნეოარამეული დიალექტი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ტურ აბდინის რეგიონში, იუნესკოს სიაში გადაშენების პირას მყოფ ენებს შორის იკავებს ადგილს.
ანითლის შობასა და აღდგომას აუცილებლად უნდა ეწვიოთ, რადგან ამ დროს ტარდება ძალიან საინტერესო რელიგიური რიტუალები. გარდა ამისა, აქ რეგულარულად ტარდება კულტურულ- გასტრონომიული ხასიათის ღონისძიებები, რის გამოც ხშირად სტუმრობენ ტურისტები ანითლის. მაგალითად, იმართება კინოფესტივალები და სხვ. ამ დროს ტურისტებს საინტერესო და დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობენ.
სად დავრჩეთ?
ანითლის სტუმრებს ძირითად შემთხვევაში დარჩენა ურჩევნიათ მიდიათში, რომელიც სოფლიდან 20 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ასევე ღამის გასათევად ხშირად ირჩევენ ქალაქ მარდინსაც, რომელიც ცოტათი უფრო შორს, 70 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს სოფლიდან. აქ ბევრი საოჯახო სასტუმროა განთავსებული. ორივე ქალაქის სასტუმროები, საიდანაც მოჩანს ულამაზესი ხედები, აღჭურვილია ძველი და თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშებით. აღსანიშნავია, რომ ამ დიდ სასტუმროებს ხშირად ირჩევენ თურქული სერიალების გადასაღებად.
ანითლის ტრადიციული კულინარია
აქ საოცარი კულინარიაა! ანითლის მცხოვრებლები შემოგთავაზებთ ადგილობრივ ღვინოს, რძის პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს და ტრადიციული რეცეპტებით დამზადებულ კერძებს, რომელთა გასინჯვაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. ასევე აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი, სამაჯურები, შალი, სუვენირები და სხვ.
საბოლოოდ, გირჩევთ ესტუმროთ ანითლის, რადგან ნამდვილად ღირს ამ სოფელსა და მის შემოგარენში არსებული ტურისტული ადგილების ნახვა ნახვა, რომელთა დათვალიერებაც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ და მრავალ ინფორმაციას მოგაწვდით იმდროინდელი კულტურის შესახებ.