2023 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს 100%-ით გაუთანაბრდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 2 485 263 მგზავრს მოემსახურა, რაც 45%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას ფაქტიურად გაუტოლდა.

ნახევარი წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 566 251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 84%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 667 305 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება აეროპორტის მიერ, 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 236 444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებაში აღდგენა შეადგენს 96%-ს.

მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით 5127 მგზავრს მოემსახურა, რაც 60%-ით მეტია ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 47%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში მიღებული მგზავრების ჯამურ რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა 841 მგზავრი მიიღო, რაც 5%-ით ნაკლებია 2022 წლის იანვარ-ივნისში მომსახურებული მგზავრების რაოდენობაზე და 40%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე. 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 170%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებაში ზრდა 86%-ს შეადგენს. აეროპორტი 9295 მგზავრს მოემსახურა.

ნახევარი წლის განმავლობაში (იანვარი-ივნისი), საქართველოს აეროპორტებში ჯამში 8556 რეისი განხორციელდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, შესრულებული რეისების რაოდენობა 29%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს.

2023 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში 48 ავიაკომპანია 88 მიმართულებით ოპერირებს.