საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციას“ 15 ახალი ავიამეთვალყურე შეემატება.
როგორც “საქაერონავიგაციაში” ამბობენ, ახალი კადრების დამატების აუცილებლობა საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდამ და საჰაერო სივრცის დატვირთვის მატებამ განაპირობა. პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა სრულიად აღდგა და 64%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, აქედან კი თითქმის გაორმაგებულია საქართველოს საჰაერო სივრცის სატრანზიტო დერეფნად გამოყენების რაოდენობა.
კომპანიამ ახალი ავიამეთვალყურეების შერჩევისა და მომზადების პროცესი 2022 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე გამარჯვებულმა 17-მა კანდიდატმა პროფესიული სწავლება ესპანეთის საავიაციო უნივერსიტეტში გაიარა და ისინი უახლოეს მომავალში უკვე შეუდგებიან მუშაობას დედაქალაქისა და რეგიონების საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრებში.
საქაერონავიგაციამ ახალი კადრების აყვანის მეორე ეტაპიც დაასრულა. რთული კონკურსის შედეგად შერჩეული 15 კანდიდატი ავიამეთვალყურის პროფესიას ფინეთის საავიაციო სასწავლებელში – Fintraffic AirNavigation Services Ltd დაეუფლებიან. ფინეთში ცხოვრებისა და სწავლების ხარჯებს შპს „საქაერონავიგაცია“ სრულად აანაზღაურებს.
15 კონკურსანტმა შერჩევის რთული პროცესი 5 ეტაპად გაიარა. მათ ინგლისურ ენაში ტესტირება ბრიტანეთის საბჭოში ჩაუტარდათ, 2 ეტაპად ჩააბარეს ევროკონტროლის მიერ შემუშავებული ავიამეთვალყურეთა შერჩევის სპეციალური ტესტი – FEAST. აღნიშნული ტესტით მათ გამოავლინეს ის ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, რაც აუცილებელია საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის პროფესიის დასაუფლებლად. ტესტირება და მისი შედეგების გამოვლენა, მთლიანად ფინეთის საავიაციო სასწავლებელმა უზრუნველყო. შერჩევის ბოლო ეტაპზე აპლიკანტებმა გაიარეს გასაუბრება ფინეთის სასწავლებლის და საქაერონავიგაციის წარმომადგენლებთან. საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების შესაბამისად, კონკურსანტებს ასევე ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება.
სასწავლო კურსის დაწყებამდე, შერჩეულ კანდიდატებს გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და საქაერონავიგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. გააცნეს მათ სამუშაო სპეციფიკა და ცხოვრების ახალ გზაზე წარმატებები უსურვეს.
საქაერონავიგაციის მიერ სრული დაფინანსებით მომზადებული კადრები, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საჰაერო მოძრაობის მართვის ოპერატორებად დაიწყებენ მუშაობას და განაგრძობენ თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას ავიამეთვალყურის პროფესიის დასაუფლებლად, დააგროვებენ ნამუშევარ საათებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ავიამეთვალყურის ლიცენზიის მიღებას და ფრენების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებას.