საჰაერო ტვირთების მოცულობა მსოფლიოში 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 8%-ით, 2019 წელთან შედარებით 1,6%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.

IATA-ს მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვების მოცულობა წლიური თვალსაზრისით შემცირდა 8,2%-ით, 2019 წლისთვის – ასევე 1,6%-ით. მხოლოდ 2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 15,8%-ით და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,7%-ით შემცირდა.

სატვირთო გადაზიდვების მთლიანი მოცულობის კლება 2022 წელს 2021 წელთან შედარებით დაფიქსირდა ყველა რეგიონში. როგორც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, ყველაზე დიდი კლება იყო ლათინურ ამერიკაში – 13,1%-ით. ევროპაში საჰაერო ტვირთების გადაზიდვა შემცირდა 11,5%-ით, ახლო აღმოსავლეთში – 10,7%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 8,8%-ით, ჩრდილოეთ ამერიკაში – 5,1%-ით, აფრიკაში – 1,4%-ით.

მხოლოდ 2022 წლის დეკემბერში სატვირთო გადაზიდვები 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 15.3%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4%-ით შემცირდა. დეკემბერში ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 21,2%-ით. შესამჩნევი კლება დაფიქსირდა ასევე ევროპაში (-17,4%) და ახლო აღმოსავლეთში (-14,4%). აფრიკაში საჰაერო ტვირთი 10%-ით შემცირდა, ჩრდილოეთ ამერიკაში – 8,5%-ით. ლათინურ ამერიკაში ეს მაჩვენებელი წლიური თვალსაზრისით არ შეცვლილა.

„მოსალოდნელია 2023 წელს ტვირთების მოცულობის 5.6%-ით შემცირება 2019 წელთან შედარებით“, აღნიშნა IATA-ს ხელმძღვანელმა უილი უოლშმა.