ამიერიდან საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში გასაფორმებელი საქონლის არეალი იზღუდება.

საბაჟო გამშვებ პუნქტში და საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით გაფორმებას დაექვემდებარება საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი, არაუმეტეს 5 სხვადასხვა 4-ნიშნა სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული და არა უმეტეს 50 000 ლარის ღირებულების საქონელი (გარდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით იმპორტის წინასწარი შეტყობინების წარდგენას დაქვემდებარებული საქონლისა ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული იმ საქონლისა, რომლის ბაზარზე განთავსებამდე სავალდებულოა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების რეესტრში რეგისტრაცია), რომელიც გაცხადებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.

ამასთანავე, რჩება შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ შემთხვევათა შეფასებისა და გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში გაფორმებას დაექვემდებაროს:
5-ზე მეტ 4-ნიშნა სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი;
50 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი (მათ შორის ისეთი საქონელი, რომელთა 4-ნიშნა სასაქონლო პოზიციების რაოდენობა აღემატება 5-ს), როდესაც არ არის წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი და საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვრულია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.

საბაჟო გამშვები პუნქტების საქმიანობისა და დატვირთულობის სპეციფიკის, ასევე ფიზიკურ პირთა გადაადგილების პროცედურების დაჩქარების მიზნით, უქმდება დამატებითი საბაჟო ფორმალობა: საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შევსების თხოვნით მიმართვის შემთხვევისათვის გათვალისწინებული განაცხადის შევსება, რაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მოქმედი რედაქციის მიხედვით ივსება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.

საბაჟო გამშვებ პუნქტში გაფორმებულ საქონელზე წარმოშობილი იმპორტის გადასახდელის გადახდის საკითხის ერთნაირად დარეგულირებისა და ერთნაირი ვადის განსაზღვრის მიზნით, ასევე სხვადასხვა გამშვებ პუნქტში გაფორმებული საქონლის დეკლარანტების/მესაკუთრეების თანაბარ პირობებში ჩაყენების უზრუნველსაყოფად, „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან ხორციელდება „გ.ა“ ქვეპუნქტის ამოღება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელი გადაიხდება საბაჟო დეკლარაციის – ფორმა 4-სათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მაშინ, როდესაც სხვა სახის გამშვებ პუნქტებში გაფორმებულ საქონელზე მოქმედებს დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი, იმპორტის გადასახდელის გადახდის ზოგადი ვადა – საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღე.

შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის გამოყენების შემთხვევაშიც გავრცელდება იმპორტის გადასახდელის გადახდის 5-დღიანი ვადა.

როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული და ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული რეგულაციის განმარტებითი ბარათიდან ვიგებთ წარმოდგენილი ცვლილების მომზადება განპირობებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონლის შემთხვევებში საბაჟო გამშვები პუნქტების განტვირთვის საჭიროებითა და საქონლის გაფორმებისთვის დახარჯული დროის შემცირების აუცილებლობით, ასევე, საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფიზიკური პირების გადაადგილების ფორმალობის დაჩქარებისა და სხვა სახის საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით ბარგით/ხელბარგით შემოტანილი საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტშივე გაფორმების მსგავსი მოთხოვნების განსაზღვრის საჭიროებით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მოქმედი რედაქციის მიხედვით, საბაჟო გამშვებ პუნქტში (საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით) გაფორმებას ექვემდებარება საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნული ნორმა არ ადგენს არც საქონლის რაოდენობის და არც ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს, მაშინ, როდესაც სხვა სახის (სახმელეთო, საზღვაო) საბაჟო გამშვებ პუნქტებში (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტებისა: „სამთაწყარო“, „ახკერპი“ და „მტკვარი“) გაფორმებას ექვემდებარება პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთელი რიგი საქონელი ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით (ნარჩენების მართვის კოდექსიდან და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიდან გამომდინარე) დადგენილ სპეციალურ კონტროლს/პროცედურებს (იმპორტის წინასწარი შეტყობინების წარდგენას ან/და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების რეესტრში რეგისტრაციას), რომლის საბაჟო გამშვებ პუნქტში შესრულების შემოწმება-უზრუნველყოფა რთულად შესასრულებელია.