მთავარი სიახლეები სად დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას თბილისელები

სად დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას თბილისელები

156

თბილისელთა 43% წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებს დასვენებას საქართველოს ფარგლებში.

კომპანია ACT-ის კვლევის შედეგებით, საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% საერთოდ ვერ ახერხებს დასვენებას, აქედან ყველაზე მეტი (46%) არის 65 წელს ზევით რესპოდენტები. საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა (63%), მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით. დროის უქონლობა ამის განმაპირობებელი ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხულთათვის აღმოჩნდა 73%, ხოლო ფულის უქონლობის გამო, ყველაზე მეტად დასვენების შანსი არ ეძლევათ 65 წელს ზევით რესპოდენტებს (73%). აქვე აღსანიშნავია, რომ დროის უქონლობის გამო, უფრო მეტად კაცები ვერ ახერხებენ დასვენებლად წასვლას 47%, ვიდრე ქალები 30%, ხოლო ფულის უქონლობა ქალებს მეტად აბრკოლებს (69%), ვიდრე კაცებს (57%).

იმ რესპოდენტთა უმეტესობა, ვინც ახერხებს დასვენებას, უპირატესობას საზღვაო კურორტებს ანიჭებს (55%). თითქმის ამდენადვე პოპულარულია სამთო კურორტები, რომლებსაც გამოკითხულთა 44% სტუმრობს. საკუთარ, ან მეგობარის/ახლობლის სოფელს სტუმრობს გამოკითხულთა 36%, მათ შორის ყველაზე ხშირად 65 წელს ზევით რესპოდენტები (60%).

როგორც აღმოჩნდა, უმეტესობისთვის დასვენებისათვის ყველაზე ოპტიმალური დრო ზაფხული აღმოჩნდა (94%). ამ მხრივ გენდერული და ასაკობრივი სხვაობები არ გამოვლენილა.

იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც წლის განმავლობაში საშუალოდ 500-დან 1000 ლარამდე ხარჯავენ ფულს დასვენებისთვის, ყველაზე მეტი-41% აღმოჩნდა. 500 ლარამდე ბიუჯეტს იმყოფინებს გამოკითხულთა 28%-ის ოჯახები. დასვენებისათვის საჭირო ბიუჯეტს საქართველოს ფარგლებში დამსვენებელთა 55% მთელი წლის განმავლობაში აგროვებს. 25%-ს საერთოდ არ სჭირდება ფულის დაზოგვა დასვენებისთვის და მათ შორის უფრო მეტად კაცებს 33%, ვიდრე ქალებს 20%. დამსვენებელთა 8%-ს კი საბანკო სესხის, ან განვადების გაკეთება უწევს დასასვენებლად საჭირო თანხის შესაგროვებლად.

*კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.