სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულების საინჟინრო და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტების სტუდენტებმა სააგენტოში პროფესიული პრაქტიკა გაიარეს.
სასწავლო პრაქტიკის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა სტუდენტებს პროფესიული პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
„სამოქალაქო ავიაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც წარმატებით და სწრაფი ტემპებით ვითარდება. საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა და მთელი ქვეყნის მასშტაბით აეროპორტების და სხვა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება ზრდის ახალგაზრდა სპეციალისტების სექტორში დასაქმების პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივი პროფესიული პრაქტიკების თუ სხვა ტიპის თანამშრომლობის ფორმატების შეთავაზებით, სახელმწიფო უწყებები ხელს უწყობენ სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრისთვის.“ – განაცხადა შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა. სააგენტოს დირექტორის, გივი დავითაშვილის თქმით, უწყება აქტიურად არის ჩართული საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული მომზადების პროცესში. „უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წელს სტუდენტების მესამე ნაკადს ვუმასპინძლეთ. პრაქტიკა განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის ყველა მიმართულებით და მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ ასპექტებს. სასწავლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, სასწავლო პრაქტიკები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება“ – აღნიშნა გივი დავითაშვილმა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკა 14 მარტიდან 28 აპრილამდე მიმდინარეობდა. სწავლების ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ უწყების საქმიანობას დარგის რეგულირების, ავიაკომპანიების ბაზარზე დაშვების, ავიასპეციალისტებისა და ავიასაწარმოების სერტიფიცირების და მათი ზედამხედველობის კუთხით.
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ყოველდღიური მუშაობის სპეციფიკის ადგილზე გაცნობის პარალელურად, ავიაკომპანია Geosky-სთან თანამშრომლობით, უწყებამ ორგანიზება გაუწია სტუდენტების ვიზიტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომლის ფარგლებშიც, სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლების მეგზურობით, სტუდენტებმა დაათვალიერეს Boeing 747-200 ტიპის საჰაერო ხომალდი (4L-GEO) და ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებმა სტუდენტებს გააცნეს საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის საინსპექციო შემოწმების პრაქტიკული ასპექტები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.