ავიაკომპანია Georgian Airways-ი საკუთარი თანამშრომლების საზოგადოებისთვის გაცნობას აგრძელებს. ამჯერად ავიაკომპანია Georgian Airways-ის და სატვირთო ავიაგადამზიდი კომპანია Georgian Airlines-ის ხომალდის მეთაურს გიორგი ბახტაძეს წარმოგვიდგენს. გიორგი ბახტაძე განმარტავს, რომ „ავიაცია თუ გიყვარს, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მიაღწიო შენს მიზანს. ოცნებები ხდებაო და მართალიც არის, მაგრამ ბევრი შრომაა საჭირო“.

38 წლის გიორგი ბახტაძე ავიაკომპანია Georgian Airways-ში 2006 წლიდან მუშაობს. გიორგი პირველი მფრინავია საქართველოში, რომელიც „ბოინგ 767“ ტიპის თვითმფრინავზე ხომალდის მეთაური გახდა. ამ წარმატებამდე გრძელი გზა გაიარა. ბავშვობიდან საოპერო მომღერლის კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. კონსერვატორიის ტენორმა, არაერთ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა. ავიაციის სიყვარულმა ბორტგამცილებლების კასტინგზე მიიყვანა. ავიაკომპანიაში ბორტგამცილებლად 10 წელი იმუშავა.

„წლების განმავლობაში დიდ დროს მფრინავებთან ერთად კაბინაში ვატარებდი. ერთხელაც შეფ-პილოტმა მითხრა – ხომ მოგწონს ფრენა, მაინც სულ ჰაერში ხარ და საავიაციო უნივერსიტეტში ჩააბარე, ეს პროფესია ისწავლეო. მაშინ დავისახე მიზანი, 2011 წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვისწავლე და 2016 წლიდან ავიაკომპანიაში მფრინავად გავაგრძელე მუშაობა. ამ ადამიანის დღემდე მადლიერი ვარ, მისი სიტყვები მაშინ ჩემთვის დიდი მოტივაცია გახდა.“

ამსტერდამში „ბოინგ 737“ ავიახომალდზე ისწავლა, ჯერ მეორე მფრინავი, შემდეგ ხომალდის მეთაური გახდა. ამჟამად Georgian Airlines-ის სატვირთო ფრენებს „ბოინგ 767“-ზე ასრულებს და ჯამში, 6000-მდე საათი აქვს ნაფრენი.

„ასეთი პროფესია არ მეგულება, სადაც ყოველ 6 თვეში უნდა ჩააბარო გამოცდა და თუ ვერ ჩააბარებ – მუშაობას ვერ გააგრძელებ. მფრინავის პროფესია პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით მობილიზებული და მოწესრიგებული უნდა იყო. მფრინავები მანქანასაც უფრო მოწესრიგებულად ვატარებთ, მოძრაობის წესებს განსაკუთრებით ვიცავთ“.

ძლიერი უნარების გარდა, წარმატების აუცილებელ პირობად ავიაციის სიყვარულს მიიჩნევს.

,,ეს ისეთი პროფესიაა, თუ არ გიყვარს, ვერ იმუშავებ. მხოლოდ ანაზღაურების გამო და მხოლოდ იმის გამო რომ გეწოდოს მფრინავი, დიდ ხანს ვერ იმუშავებ. ავიაცია თუ გიყვარს, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მიაღწიო შენს მიზანს. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, მფრინავი რომ გავხდებოდი, შენი ოცნებები ხდებაო და მართალიც არის, მაგრამ ბევრი შრომაა საჭირო“.