ქალაქ ბონში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების საკოორდინაციო ჯგუფის (PCG) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის (EASPG) თავმჯდომარის რანგში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე, მონაწილეებმა განიხილეს ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ჯგუფის და მისი თემატური ქვეჯგუფების საქმიანობის ფარგლებში შემუშავებული სამუშაო დოკუმენტები. წარმოდგენილ იქნა ანგარიშები გლობალური სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული აქტუალური საკითხების ირგვლივ, ასევე, რეგიონის შედეგიანობის ინდიკატორები, ტექნიკური ჯგუფების მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრა ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ლადო ყულჯანიშვილმა ICAO-ს ენის ცოდნის მოთხოვნების დანერგვის ჯგუფის თავმჯდომარის რანგში წარმოადგინა სამუშაო დოკუმენტი ჯგუფის მიერ მიღწეული პროგრესის და სამომავლო გეგმების შესახებ. მიმდინარე წლის ბოლომდე, ჯგუფი შეიმუშავებს ინგლისური ენის ჰარმონიზებულად დანერგვის და ზედამხედველობის დოკუმენტს.
ლევან კარანაძე ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის (EASPG) თავმჯომარედ 2021 წელს აირჩიეს. ჯგუფის საქმიანობა ფარავს ICAO-ს ყველაზე წამყვან და მრავალრიცხოვან, ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონს, სადაც 56 წევრი სახელმწიფო შედის. EASPG-ის მიზანია უზრუნველყოს ევროპის სანავიგაციო სისტემების განვითარების და უსაფრთხოების დონის თავსებადობა ICAO-ს გლობალური საავიაციო უსაფრთხოებისა და საჰაერო ნავიგაციის გეგმებით გათვალისწინებულ მაჩვენებლებთან, ასევე აღნიშნულთან მიმართებაში წევრი სახელმწიფოების პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშგება ICAO-ს საბჭოს წინაშე. EASPG-ი ხელს უწყობს საჰაერო ნავიგაციასთან და საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგიონალური (EU, EASA, EUROCONTROL, ECAC, IAC) და ეროვნული პროგრამების ჰარმონიზაციას, ასევე ეწევა რეგიონთაშორის კოორდინაციას (NAT, NAM, MID, AFI, APAC).