თურქეთი რომ გამორჩეული ქვეყანაა მრავალი ღირსშესანიშნაობებითა და საინტერესო ადგილით, ამაზე არავინ დაობს. დღეს გესაუბრებით ულამაზეს ქალაქ კონიაზე და მის გამოქვაბულებზე, რომლებსაც მრავალი ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად. იგი ერთ დროს ანატოლიაში შექმნილი პირველი თურქული სახელმწიფოს, სელჩუკთა იმპერიის დედაქალაქიც იყო. ქალაქი ბოლო პერიოდში უფრო განვითარდა კულტურული ტურიზმის მიმართულებით და იგი ვიზიტორების ყურადღებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, თავისი ბრწყინვალე გამოქვაბულებით იპყრობს.
ვინც ოდესმე ყოფილა გამოქვაბულში, ალბათ დაგვეთანმება, რომ ამ დროს ადამიანი საოცარი და იდუმალებით აღსავსე გრძნობებით ივსება. აღსანიშნავია კონიას სეიდიშეჰირის რაიონში მდებარე თინაზთეფეს მღვიმე, რომელიც ფრანგმა მეცნიერმა 1968 წელს აღმოაჩინა. თინაზთეფეს სიგრძე 22 კილომეტრს შეადგენს და მას ამის გამო უწოდებენ “ბუნების სასწაულს”. სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით სავსე გამოქვაბულის ფართობი 1580 მეტრია, სიმაღლე კი იატაკსა და ჭერს შორის ზოგან 65 მეტრსაც აღწევს. გამოქვაბული გიდენგელმეზის მთების ძირში მდებარეობს და იგი ითვლება თურქეთის ყველაზე გრძელ მღვიმედ, ევროპაში კი სიგრძით მე-3 ადგილს იკავებს. ვარაუდობენ, რომ მღვიმე 230 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, რაც მის განსაკუთრებულობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ჩამლიქის მღვიმეები
ჩამლიქში თქვენ უკვე შეგიძლიათ ნახოთ ულამაზსი გამოქვაბულები, რაც გარკვეული ხნის განმავლობაში არ იყო შესაძლებელი. აქ გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა განათებისა და სხვადასხვა აღჭურვილობის სამუშაოები. საბოლოოდ, მოგვარდა ტექნიკური საკითხები და ტურისტებისთვის სრულად გახდა შესაძლებელი მათი დათვალიერება.
რაც შეეხება სულუინის მღვიმეს, იგი მდებარეობს იმავე რეგიონში, ჩამლიქის სამხრეთ-დასავლეთით 500 მეტრში. გამოქვაბულში, რომლის სიგრძე დაახლოებით 25 მეტრია, მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ნავით. აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულში გიგანტურ ქვებს შორის ჩანჩქერები ქმნის დიდ ტბას, სადაც ასევე ნავით არის შესაძლებელი გასეირნება.