2023 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 42.2 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 102.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 53.5 პროცენტით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 65.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 111.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 208.3 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში როგორც გადატანილი ტვირთის, ასევე ტვირთბრუნვის მოცულობა 36.2 პროცენტით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2023 წლის I კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის უდიდესი წილი, კერძოდ, 97.2 პროცენტი რეგურალურ ფრენებზე მოდის.

რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის I კვარტალში 4.8 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 37.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.1 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 85.4 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6 პროცენტი – გაგზავნილი.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელზე.