COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) ვირუსის შიდა გავრცელების აღსაკვეთად, დასაქმებულთა და მოქალაქეთა შენობაში დაშვების და ყოფნის დროებითი წესები აამოქმედა. ახალი წესის თანახმად, 1-ლი ნოემბრიდან, სააგენტოში სტუმრობისას პირმა COVID-ბარათი ან ნეგატიური ტესტის პასუხი უნდა წარადგინოს.

რეგულაცია საკმაოდ აპრობირებულია საზღვარგარეთის ქვეყნებში და მისი დანერგვის შემდეგ დადებითი ტენდენციაც სახეზეა.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, GCAA-ს დირექტორის გადაწყვეტილებით მიღებული რეგულაცია მიზნად ისახავს, ვირუსის შიდა გავრცელების პრევენციას და ინფიცირების საფრთხის მინიმუმამდე დაყვანას.

GCAA-ში AviaNews-ს განუცხადეს, რომ შენობაში დაშვების დროებითი წესების შემოღებამდეც სააგენტოს თანამშრომელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი იყო.

“დღეის მდგომარეობით აცრილია დასაქმებულთა 89%-ი და აღნიშნული პროცესი წარმატებით გრძელდება. რაც შეეხება სააგენტოში ვიზიტორების დაშვების საკითხს, გაცნობებთ რომ უწყების მიერ, საავიაციო ინდუსტრიას წინასწარ ეცნობა შენობაში დაშვების დროებითი წესების და პირობების (შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ვებ-გვერდზეც) შესახებ. ვიზიტორების მიღება მიმდინარეობს არსებული წესების დაცვით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

ამასთან, სააგენტო ამ ეტაპზე ნაწილობრივ კვლავ რჩება დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. სააგენტოში წარმოსადგენი წერილების/დოკუმენტაციის მოწოდება ძირითადად ხდება ელექტრონულად. სააგენტოს წერილები და ბრძანებები, გარდა ავიასპეციალისტების მოწმობებისა, სერტიფიკატებისა და დასამოწმებელი დოკუმენტაციისა, ინდუსტრიას ასევე მიეწოდება ელექტრონულად. საჭიროების შემთხვევაში, ავიასაწარმოებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ონლაინ კონსულტაცია სააგენტოს სპეციალისტებისაგან”, განმარტავენ GCAA-ში. 

მაშ ასე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შენობაში ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების და ინფიცირების საფრთხის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით დაიშვებიან:

ა) დასაქმებულები, რომლებიც წარმოადგენენ -ვაქცინის სრული ან ერთი კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს ერთჯერადად ან ასეთის არ ქონის შემთხვევაში, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ დოკუმენტს უარყოფითი შედეგით, ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის დამადასტურებელ დოკუმენტს უარყოფითი შედეგით; აგრეთვე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული დასაქმებულები, რომლებიც ერთჯერადად წარმოადგენენ COVID-19-ის ტესტის დადებით პასუხს და მათი იზოლაციიდან გასული იქნება თოთხმეტი დღე.

ბ) ფიზიკური პირები სააგენტოსთვის მიმართვის უფლებით სარგებლობის, წინასწარ განსაზღვრულ სხდომებში, შეხვედრებში მონაწილეობის, დედნის სახით დოკუმენტების წარმოდგენის/მიღების ან სხვა აუცილებელი მიზნებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ COVID-ვაქცინის სრული ან ერთი კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან ასეთის არ ქონის შემთხვევაში, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ დოკუმენტს უარყოფითი შედეგით ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის დამადასტურებელ დოკუმენტს უარყოფითი შედეგით.

პირი არ დაიშვება სააგენტოს სამუშაო სივრცეში, თუ შენობის მისაღებში ჩატარებული სავალდებულო თერმოსკრინინგის დროს აღმოაჩნდება 37°C და უფრო მაღალი ტემპერატურა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დასაქმებულთა და მოქალაქეთა შენობაში დაშვების და ყოფნის დროებითი წესები და პირობები მოქმედებს მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან.