სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ორგანიზებით, საავიაციო მწარმოებელი კორპორაცია Boeing-ის მხარდაჭერით და თურქეთის საავიაციო ხელისუფლების მასპინძლობით, საავიაციო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შემუშავების საკითხებზე სტამბოლში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ICAO-ს ევროპის რეგიონის ცხრა სახელმწიფოს ოცდახუთამდე წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა სააგენტოს სააენრაონსო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ICAO-ს EUR/NAT რეგიონის ფრენის უსაფრთხოების ეროვნული გეგმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ჭეიშვილი.
სამდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ფრენის უსაფრთხოების ეროვნული გეგმის (NASP) შემუშავების პრაქტიკული ასპექტები, ამ კუთხით არსებული საერთაშორისო მოთხოვნები და დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები. სემინარზე მონაწილეების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა დავით ჭეიშვილი, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების პირველ პირებს და საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვაზე პასუხისმგებელ სპეციალისტებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის NASP-ის შემუშავების და ამოქმედების შესახებ. საკითხის განხილვა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
ფრენის უსაფრთხოების ეროვნული გეგმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად 2022 წელს დაამტიცა. დოკუმენტი, რომელიც წელს განახლდა, შემუშავებულია ევროპის რეგიონალური საავიაციო უსაფრთხოების გეგმისა (EUR RASP) და ICAO-ს გლობალური საავიაციო უსაფრთხოების გეგმის (GASP) გათვალისწინებით. NASP-ი მოიცავს საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკვანძო ასპექტებს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, როგორც სფეროს ზედამხედველი უწყების ხედვას, პოლიტიკას და ექსპერტულ ანალიზს, საავიაციო უსაფრთხოების ეროვნულ მიზნებს, ამოცანებს, ინდიკატორებს, ასევე ფრენის უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესების / გაძლიერების ინიციატივებსა და ქმედებებს, ამ ქმედებების იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმებს, იდენტიფიცირებულ უსაფრთხოების რისკებს, მათი შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებების კომპლექსს და სხვა.