საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად განაგრძობს ტექნიკური მხარდაჭერის პროექტებში მონაწილეობას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას და გაძლიერებას ICAO-ს სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის დანერგვის პროცესში.
ამჯერად, სააგენტოს სპეციალისტები ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიწვევით ქალაქ ბიშკეკში იმყოფებოდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა ყირგიზეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პრაქტიკული სწავლებების (On-the-job training) განხორციელებას და პროფესიულ კონსულტირებას ისეთი მიმართულებებით როგორიცაა აეროპორტებზე და აეროდრომებზე ზედამხედველობა (AGA), ავიაკომპანიებზე ზედამხედველობა (OPS), საჰაერო მოძრაობის ორგანიზებაზე ზედამხედველობა (ATM), სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურებაზე (AIS), ფრენის პროცედურების დიზაინის (PANS-OPS) და საავიაციო რუკების (Cartographic) უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა. ამასთან, ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, ონლაინ შეხვედრა შედგა მეტეოროლოგიური მომსახურების ზედამხედველობის (MET) საკითხებში.
ადგილზე და დისტანციურად განხორციელებული სწავლებები ითვალისწინებდა გამოცდილების გაზიარებას შესაბამისი ავიასაწარმოების საინსპექციო შემოწმების მომზადების, ინსპექტირების პროცესის წარმართვის, აუდიტის ტექნიკის და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები კონტროლის კუთხით.