ევროპის აეროპორტებში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლამ 2024 წლის იანვარში პირველად მიაღწია პანდემიამდელ დონეს, ამას ACI Europe-ის უახლესი მონაცემები მოწმობს.

ACI Europe-ს ცნობით, საერთაშორისო მგზავრთნაკადმა აჩვენა „სრული აღდგენა“ 2019 წლის იანვართან შედარებით, მაგრამ შიდა მგზავრთნაკადი დარჩა 13%-ით ქვემოთ 2019 წლის საბაზისო მაჩვენებელზე. საერთო სამგზავრო ტრაფიკი მხოლოდ 3%-ით დაბალი იყო პანდემიამდე მოცულობებზე.

„ავიაბილეთის ფასების მნიშვნელოვნად ზრდის ფონზე მოთხოვნა ზოგადად ძლიერი იყო [იანვარში], თუმცა ზრდა შენელდა ან თუნდაც შეჩერდა ზოგიერთ ბაზარზე. ეს კიდევ უფრო უთანასწორობას მატებს ისედაც ძლიერ ფრაგმენტულ ბაზარს, სადაც გეოპოლიტიკა და სტრუქტურული ცვლილებები აყალიბებს გადაზიდვის ეფექტურობას ისე, როგორც არასდროს“, – თქვა ACI Europe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივიე იანკოვეკმა.

ევროპის ეკონომიკური ზონის აეროპორტები (EEA), ისევე როგორც შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი, მგზავრების ზრდაში (+ 8% 2022 წლის იანვართან შედარებით) ლიდერობდნენ.

2019 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, შიდა მგზავრთნაკადის მოცულობა მკვეთრად შემცირებულია ისევ გერმანიაში (-50,9%), შვედეთში (-41,6%) და ფინეთში (-31,5%), ასევე საფრანგეთში (-30,5%) და დიდ ბრიტანეთში (-21,5%).

სამაგიეროდ ზრდაა ესპანეთში (+12,9%), პორტუგალიაში (+7,3%), საბერძნეთში (+6,9%) და იტალიაში (+1,3%), სადაც შიდა სამგზავრო მიმოსვლამ გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს.

რეგიონის უმსხვილეს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლა (წლიურად 40 მილიონზე მეტი მგზავრით) იანვარში 8,3%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ექსპერტები ამ დინამიკას უკავშირებენ მაღალ ტრანსატლანტიკურ მოთხოვნას და ჩინელი მოგზაურების თანდათანობით დაბრუნებას.

რეგიონის ყველაზე დატვირთული აეროპორტების ნუსხაში ლონდონის ჰითროუ ლიდერობს, სადაც სამგზავრო მიმოსვლა წლიურად 9,4%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2019 წლის იანვართან შედარებით 1,3%-იანი ზრდაა.

შემდეგი მოდის სტამბოლი, სადაც მხოლოდ 8000-ით ნაკლები მგზავრი იყო, ვიდრე ჰითროუში (+6,4% 2023 წლის იანვართან შედარებით და +15% პანდემიამდელთან შედარებით). მესამე ადგილზეა პარიზი-შარლ დე გოლი (+2,2% 2023 წლის იანვართან შედარებით და −10,2% 2019 წლის იანვართან შედარებით). მეოთხე ადგილს იკავებს მადრიდი (+8,1% 2023 წლის იანვრისთვის და +9,2% 2019 წლის იანვრისთვის).