„ჩვენი მიზანია, საქართველო დასავლეთსა და აღმოსავლეთს მაქსიმალურად დავუკავშიროთ, გავზარდოთ მარშრუტებისა და იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც საქართველოში ვმასპინძლობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აეროპორტების გამტარუნარიანობა უნდა გაიზარდოს, – ამის შესახებ ADP ჯგუფის წევრი TAV Airports-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ფრენკ მერეიდიმ განაცხადა.

მერეიდის თქმით, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.
„ვამბობ ხოლმე, რომ “მულტილოკალური” კომპანია ვართ, მსოფლიოს მასშტაბით ქსელური კავშირი გვაქვს სხვადასხვა ავიაკომპანიასთან და ამას მასშტაბური სახე აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აეროპორტის მმართველი კომპანია ამავდროულად ძალიან ლოკალურიც იყოს. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც თამამად იტყვის, რომ ადგილობრივი, ქართული გუნდის ნაწილია. იმისთვის, რომ გაზარდო ცნობადობა ქვეყანაზე, როგორც მიმართულებაზე, ხელი შეუწყო აეროპორტის, როგორც ქვეყანაში შესასვლელი კარიბჭის ზრდას, რომელიც იზიდავს ტურისტებს, მარტო ვერ ვიმუშავებთ. ამისათვის გვჭირდება, ნაყოფიერად ვითანამშრომლოთ ეკონომიკის მინისტრთან და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრთანაც.
ამიტომ, პრემიერთან შეხვედრაზე ჩვენ ერთმანეთს საერთო ხედვის შესახებ გავუზიარეთ, და ძალიან აშკარა იყო, რომ, აეროპორტების განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით, აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ – უნდა გავზარდოთ მარშრუტების რაოდენობა და მგზავრების ნაკადი, ანუ აეროპორტების გამტარუნარიანობა. ამისათვის აუცილებელია მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებზე ვიფიქროთ. მოკლე პერიოდში ტერმინალის ტევადობის გასაზრდელად გარკვეულ ცვლილებებს უკვე ვახორციელებთ, რათა უფრო მეტი მგზავრის მიღება წელსვე შევძლოთ. თუმცა, პარალელურად, გრძელვადიან გეგმებზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ცვლილებისთვის მზად ვიყოთ“, – აღნიშნა ფრენკ მერეიდიმ საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გადაცემაში “ბიზნესის კვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთად”.
TAV Airports-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა აეროპორტების მმართველი კომპანიისგან გენერალური გეგმის წარდგენისას ელის, რომელიც იქნება გრძელვადიანი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიზარდოს აეროპორტების გამტარუნარიანობა თბილისსა და ბათუმში.
„ჩვენ მათ ერთ-ერთი ვერსია უკვე წარვუდგინეთ ორივე აეროპორტისთვის, თუმცა სხვა გზებსაც ვიკვლევთ, რადგან, როდესაც გრძელვადიან გეგმაზე ვსაუბრობთ და ზუსტად ვიცით, რომ გამტარიანობის ზრდა გვინდა, ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა საშუალებები არსებობს. ჩვენ წარვადგინეთ დეტალური გეგმა, შემდეგი ნაბიჯი კი იმის განსაზღვრაა, რა არის საუკეთესო გზა, მთავრობამ კი უნდა შეისწავლოს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. ასე რომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გეგმაზე და დეტალური კვლევის ჩატარებაზე“, – აღნიშნა ფრენკ მერეიდიმ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მან, TAV-ის საკონტოლო პაკეტის მფლობელი ფრანგული კომპანია ADP-ის სახელით, პრემიერ-მინისტრს დადასტურებულად განუცხადა, რომ კომპანია მზად არის ბოლომდე შეუწყოთ ხელი ამ ორი აეროპორტის სწრაფ ზრდას.
„რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ველოდებით გრძელვადიანი გეგმის წარდგენას იმისთვის, რომ მოქმედება ახლავე დავიწყოთ. ჩვენ თანმიმდევრულად გვჭირდება დაუყოვნებლივი ცვლილებები და მომავალზე ფიქრი, სწორედ ესაა ჩვენი საქმე. მიმდინარე წელს გამგზავრების ტერმინალში სივრცეს გავზრდით. ვიცით, რომ წარსულში გამგზავრების ტერმინალი ხანგრძლივი დაყოვნებით გამოირჩეოდა, ახლა კი მეტი სივრცე გვექნება სასაზღვრო კონტროლისთვის, რათა ის შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. და როდესაც პოლიციის კონტროლზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ეს უწყების ერთი გუნდია, ჩვენ ვქმნით სივრცესა და ინფრასტრუქტურას, მთავრობა კი გამოყოფს გუნდს, რომელიც კონტროლს ახორციელებს. შემდეგი თვიდან ეს პროცესი გაუმჯობესდება.

უმეტეს საერთაშორისო აეროპორტებში არსებობს ალტერნატივა, რომ კონტროლი სწრაფად, ურიგოდ გაიარო და მომდევნო თვიდან ეს ალტერნატული სერვისი გამგზავრების ტერმინალში უკვე გვექნება. ეს და ამის მსგავსი სიახლეები მნიშვნელოვანია, თუმცა ეს უფრო მოკლევადიანი მოქმედებებია. ჩვენ გენერალურ გეგმაზეც ვფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო 5, 10, 20 წლის განმავლობაში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ გეგმა შემდეგი 2, 3 თვისთვის“, – აღნიშნა TAV Airports-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ.