სამ თვიანი აქტიური ტურისტული სეზონი საქართველოს 250 მილიონიდან 1.25 მილიარდ ლარამდე შემოსავალს მოუტანს, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი ვახტანგ ჭარაია.

მისი განმარტებით, რთული სამტკიცებელია, რომ მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური სირთულეების ფონზე 2020 წელს ტურისტები თუნდაც იგივე მოცულობით იმოგზაურებენ, როგორც ეს 2019 წელს იყო. თუმცა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში მწვანე ქვეყნების რიცხვში შემავალი სახელმწიფოების რაოდენობა სულ თითზე ჩამოსათვლელია, არაა გამორიცხული საქართველომ ამ 3 თვეში პესიმისტური სცენარის შემთხვევაში – 100 ათასი, ხოლო ოპტიმისტურ სცენარში კი – 500 ათასი ტურისტის მოზიდვა შეძლოს.

ჭარაია მიიჩნევს, რომ COVID-19-ის ფონზე ტურიზმს იმ მასშტაბის ინკლუზიურობა ვეღარ ექნება, როგორც 2019 წელს გააჩნდა, რადგანაც ეს ტურისტები არა დაბალმხარჯველ მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ მაღალმხარჯველი ქვეყნებიდან იქნებიან წარმოდგენილნი.

“ინკლუზიურობა გაიზრდება ოპტიმისტური სცენარისკენ სვლის შემთხვევაში, თუმცა პესიმისტურის შემთხვევაში მან შესაძლოა ინკლუზიურობა მინიმუმამდე დაიყვანოს”,- მიიჩნევს ვახტანგ ჭარაია.

“2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ე.წ. პიკურ პერიოდში: ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ჯამურად დაახლოებით – 3.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (36%):

იგივე პერიოდში, მეზობელი 4 ქვეყნიდან (სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი) – დაახლოებით 1.9 მილიონი ადამიანი;

იგივე პერიოდში, თუმცა დღეისთვის მაღალი რისკის ზონაში მყოფი ქვეყნებიდან (ირანი, აშშ, იტალია, ბრაზილია და ა.შ.) – დაახლოებით 200 ათასი ადამიანი.

მართალია, მთავრობა არ აპირებს პოტენციურად დაბალი რისკის მატარებელი ყველა ქვეყნიდან ტურისტების შემოშვებას, თუმცა ვნახოთ რიცხვები:

უშუალო მოსაზღვრეების და მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების გარდა რჩება – 1.3 მილიონი პოტენციური ადამიანი;

უშუალოდ მწვანე ქვეყნებში: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია და რამდენიმე სხვა ხელმისაწვდომია – დაახლოებით 200 ათასი ვიზიტორი.

მაღალი ალბათობით სიმართლე სწორედ ამ რიცხვებს შორისაა, კერძოდ: 1.3 მილიონსა და 200 ათასს შორის. უფრო მეტიც, ზემოთ მოყვანილი რიცხვები საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვითაა დათვლილი, მაშინ როდესაც 2019 წელს:

9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურებიდან მხოლოდ 7.7 მილიონი იყო საერთაშორისო ვიზიტორი, საიდანაც ტურისტული მიზნით ქვეყანაში 5 მილიონი ადმიანაი იმყოფებოდა. ზემოთ მოყვანილი ე.წ პიკური სეზონის 36%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით კი ჩვენს მიერ შერჩეულ თვეებში ეს რიცხვი – 1.8 მილიონი ტურისტი გამოდის.

7.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან საქართველოში სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო შესაძლებლობების გამორიცხვით, მხოლოდ საჰაერო გზით საქართველოში  – 1.8 მილიონი პირი შემოვიდა, რომლის 36%-ი – 648 ათასი ადამიანია. თუმცა აქ შედის ყველა მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნის მაჩვენებელიც.

რთული სამტკიცებელია, რომ მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური სირთულეების ფონზე 2020 წელს ტურისტები თუნდაც იგივე მოცულობით იმოგზაურებენ, როგორც ეს 2019 წელს იყო. თუმცა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში მწვანე ქვეყნების რიცხვში შემავალი სახელმწიფოების რაოდენობა სულ თითზე ჩამოსათვლელია, არაა გამორიცხული საქართველომ ამ 3 თვეში პესიმისტური სცენარის შემთხვევაში – 100 ათასი, ხოლო ოპტიმისტურ სცენარში კი – 500 ათასი ტურისტის მოზიდვა შეძლოს. თანაც ამ ტურისტების მოსალოდნელი – მაღალი მსყიდველობითი უნარი (საშუალოდ 2000 – 2100 ლარი), რომელიც დამატებით იქნება გაზრდილი (საშუალოდ 2500 ლარი):

100 ათასი ტურისტის შემთხვევაში საქართველო მიიღებს – 250 მილიონ ლარს;

300 ათასი ტურისტის შემთხვევაში საქართველო მიიღებს – 625 მილიონ ლარს;

500 ათასი ტურისტის შემთხვევაში საქართველო მიიღებს – 1.25 მილიარდ ლარს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტურიზმი ვერ იქნება ისეთ, როგორც იყო მანამდე და მას ვერც იმ მასშტაბის ინკლუზიურობა ექნება, როგორიც 2019 წელს გააჩნდა, რადგანაც ეს ტურისტები არა დაბალმხარჯველ მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ მაღალმხარჯველი ქვეყნებიდან იქნებიან წარმოდგენილნი. ინკლუზიურობა გაიზრდება ოპტიმისტური სცენარისკენ სვლის შემთხვევაში, თუმცა პესიმისტურის შემთხვევაში მან შესაძლოა ინკლუზიურობა მინიმუმამდე დაიყვანოს. გასათვალისწინებელია საქართველოს იმპორტდამოკიდებულებაც, რომელიც მიღებული შემოსავლების გარკვეულ ნაწილს ისევ უკან გაიტანს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვის პირობებში საქართველო მიიღებს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს და მასთან ერთად სამუშაო ადგილებს და კრიზისის წარმატებით გადაგორების უფრო მაღალ ალბათობას”, აცხადებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი ვახტანგ ჭარაია.

https://www.facebook.com/vakho.charaia/posts/3141478382541768