დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან მიმართებაშიც იცვლება.

სააგენტო www.aviation24.be ტვიტერის მომხმარებელ @SeanM1997-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბაზირებული საჰაერო ხომალდების შემცირების გამო (წყაროს ინფორმაციით სამი თვითმფრინავის მაგივრად ქუთაისის აეროპორტში 2 ხომალდი გააგრძელებს ბაზირებას) ავიაკომანიამ ბოლო დღეების განმავლობაში ბილეთების დაჯავშნის სისტემიდან ქუთაისის მიმართულებაზე ბევრი მარშრუტი ამოიღო, მათ შორის არ იძებნება შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულება.

2019 წლის ივლისში, Wizz Air ქუთაისის აეროპორტში 5 თვითმფრინავის ბაზირებას და 12 ახალი მიმართულების გახსნას აანონსებდა. ამჟამინდელი მონაცემებით აღნიშნული მარშრუტებიდან მხოლოდ პოზნანი დარჩა, ხოლო 11 მიმართულება ფრენების დაწყებამდევე გაუქმდა. როგორც ჩანს, კორონავირუსის გამო, უნგრული კომპანია ოპერირების გეგმებს ცვლის, ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობას ორამდე ამცირებს და 19 მიმართულებაზე ფრენებს აუქმებს.

წყაროს ინფორმაციით ეს მიმართულებებია: ნიცა, სტოკჰოლმი, ტურკუ, ჰერაკლიონი, კარსლრუე/ბადენ-ბადენი, ნიურბერგი, ვენეცია, პიზა, ნეაპოლი, ლონდონი (ლუტონი), კიოლნი, კოპენჰაგენი, ეინდჰოვენი, ბარსელონა, ბარი, პარიზი (ბოვე), ბრიუსელი (შარლერუა), ფრანქფურტი, ჰამბურგი.

გარდა ამისა, მილანის, ტირანას, ლარნაკასა და ლვოვის 4 ახალი ბაზის დაფუძნების გადაწყვეტილების გამო, ავიაკომპანიას დასჭირდა რამდენიმე თვითმფრინავის დამატება აღმოსავლეთ ევროპიდან. შესაბამისად, ავიაკომპანია ამცირებს თვითმფრინავების რაოდენობას ზოგიერთ ბაზაზე: ბუდაპეშტში (15-დან 13-მდე), ვარშავა (8-დან 7-მდე), კატოვიცესა და გდანსკში (7-დან 6-მდე), კლუჟ ნაპოკაში (7-დან 5-მდე), სკოპიეში (5-დან 4-მდე), კიევი ჟულიანიში (4 – დან 3), ქუთაისში, ტიმიშორასა და ვილნიუსში (3 – დან 2), ხოლო კრაიოვაში, დებრეცენში, სიბიუსა და ვროცლავში (2 – დან 1).

ამასთან, საჰაერო ხომალდების რაოდენობა იზრდება ზოგიერთ ძველ ბაზაზე: ვენაში (8-დან 9-მდე), კრაკოვში (3-დან 4-მდე), ხოლო, ბუქარესტის, ლონდონის ლუთონის, სოფიას, ბელგრადის, კიშინიოვის, ტუზლას, ვარნას, იასის და რიგის აეროპორტებში თვითმფრინავების რაოდენობა უცვლელი რჩება.