საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესი იცვლება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) ნორმატიული აქტების პროექტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების ახალი წესის პროექტს წარმოადგინა, რომლის ამოქმედებაც 2024 წლის 1 თებერვლიდან იგეგმება.

პროექტი, ისევე, როგორც სააგენტოს მიერ 2014 წელს მიღებული საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წინამორბედი წესი ეფუძნება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის რეგულაციის ((EU) No376/2014) მოთხოვნებს და ადგენს იმ საავიაციო მოვლენების შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეეძლო საფრთხე შეექმნა საჰაერო ხომალდისთვის, მასზე მყოფი ან სხვა ნებისმიერი პირისათვის, ასევე მოწყობილობებისა და დანადგარებისათვის, რომლებიც გავლენას ახდენენ საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენაზე. ნორმატიული აქტის მოქმედება გავრცელდება იმ საავიაციო მოვლენებზე და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში ექსპლუატირებულ ან საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდს ეხება.
„ახალი წესი ადგენს საავიაციო მოვლენისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შეგროვების, გაანალიზების, შენახვის, გამოყენების და მომდევნო ქმედებების განხორციელების უფრო სრულყოფილ და დეტალურ მოთხოვნებს, ასევე, წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრულია საავიაციო სპეციალისტების დაცვის და ავიასაწარმოებში არადამსჯელობითი კულტურის ფორმირებისათვის აუცილებელი მოთხოვნები“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების ახალი წესი ითვალისწინებს საავიაციო მოვლენის მოკვლევის, საავიაციო მოვლენების მოკვლევის პროცედურის დანერგვის და სააგენტოს მოთხოვნისას საავიაციო მოვლენის მოკვლევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას. ამასთან წესი ადგენს საავიაციო მოვლენის მომკვლევის კომპეტენციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

ნორმატიული აქტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებგვერდზე: https://gcaa.ge/draft-regulations/

შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ 2023 წლის 20 დეკემბრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: safety@gcaa.ge.
Возможно, это изображение текст