თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.
ე.წ. მასტერპლანზე აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV GEORGIA საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უშუალო ჩართულობით მუშაობს. რას მოიცავს ე.წ. მასტერპლანი და რას შეცვლის ის თბილისის აეროპორტის, როგორც ტერმინალის ასევე, აეროდრომის ოპერირების კუთხით.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. აეროპორტების გაერთიანების ახალ დირექტორს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ უმასპინძლა.
ირაკლი ქარქაშაძემ თბილისის აეროპორტში საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების ახალი ტექნიკა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დაათვალიერა, ასევე გამგზავრებისა და ჩამოფრენის ტერმინალები.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან TAV Georgia-თან ერთად დავათვალიერეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურას.
დავათვალიერეთ ადზ, საფრენოსნო მოედანი, ტექნიკა, სახანძრო აღჭურვილობა, იმისათვის, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული და სათანადო დონეზე.
ჩვენ ვხედავთ რომ ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. TAV-თან ურთიერთობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ვმუშაობთ და დასასრულს უახლოვდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმის დამუშავება.
უახლოეს ხანებში ეს დოკუმენტი იქნება დასრულებული, რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა და საინვესტიციო ღირებულება, თუ რა შედეგი გვინდა მივიღოთ.
ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს მაქსიმალურად წარმოსადეგი, ლამაზი და ინფრასტრუქტურულად პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რაც ავიაკომპანიებს და მგზავრებს აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა და TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური განვითარების გეგმებზე ისაუბრეს, რომლებზე მუშაობის პროცესში TAV Georgia ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie (ADPI)-თან თანამშრომლობდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე, ე.წ. მასტერპლანზე მიმდინარეობს საბოლოო ტექნიკური დეტალების დაზუსტება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა თებერვალში დასრულდება.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა აეროპორტების ინფრასტრუქტურის განახლებისა და არსებული სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რისთვისაც უახლოეს პერიოდში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.