თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდება. აღნიშნულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმა ითვალისწინებს, რომელზედაც მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მარტის ბოლოს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, გააგრძელებს თუ არა 2027 წლის შემდეგ TAV Georgia-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვას და ასევე, იმ პროექტების საინვესტიციო ღირებულებაც დაზუსტდება, რაც განვითარების გეგმის მიხედვით ამ აეროპორტებში უნდა განხორციელდეს.
თეა ზაქარაძის განმარტებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, უფრო დიდი ტერმინალი აშენდება.

„მიმდინარეობს მუშაობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების გეგმაზე.
გეგმაზე ფრანგული კომპანია მუშაობს და უკვე ბოლო ეტაპზეა. ამ ეტაპზე ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გავდივართ ყველა იმ ნიუანსს, ყველა იმ დეტალს რაც აეროპორტს რეალურად სჭირდება. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აეროპორტის განვითარებისთვის, რომ იყოს შეჯერებული ყველა ხედვა, ყველა აზრი და ყველა ის მოთხოვნა რაც დღეს სახელმწიფოს აეროპორტთან მიმართებაში აქვს იყოს შესრულებული, რათა აეროპორტი იყოს უფრო მეტად განვითარებული. ჩვენ დღემდეც, კომპანია უკვე 18 წელია მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი წარმატება გვქონდა და უმჯობესი იქნება ახალი, განახლებული აეროპორტები საქართველოში. ამაზე ვმუშაობთ. განვითარების კონკრეტული გეგმა ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას. ხედავთ, რომ არსებული ტერმინალი უკვე არის მოძველებული, არის თითქმის 18 წელის შენობა და არის პატარა. სივრცე აღარ არის საკმარისი. ამიტომ იგეგმება ახალი ტერმინალის მშენებლობა. იგეგმება ასევე აეროდრომზე სამუშაოები, იგეგმება საჰაერო ხომალდების სტენდების დამატება. ძალიან მასშტაბური პროექტები იგეგმება“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის სოლიდური მოცულობის ინვესტიცია იქნება საჭირო.
რაც შეეხება TAV Georgia-ს მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურება, ხოლო ბათუმის აეროპორტში 2027 წლის მაისში, თუმცა აეროპორტების მმართველ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის ოპერირების ვადის გაზრდაზე მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.