სტამბოლში ყოველ გაზაფხულზე ტიტების სახით საოცარი სანახაობა ეწყობა. მისი ამოსვლა ამ ქალაქში ადამიანებს გაზაფხულის დადგომას აუწყებს. ისინი საოცრად ალამაზებენ სტამბოლის ყველაზე პოპულარულ ადგილებს, ცენტრალურ ქუჩებს, პარკებს, ბაღებს, ხეივნებსა და სახლის ეზოებს. მაგალითად, ერთ-ერთი ულამაზესი ხედის ნახვა შეგიძლიათ სულთან აჰმედის მეჩეთთან, სადაც ირგვლივ, ხალიჩის მსგავსად უამრავი ტიტაა „დაგებული“. აღნიშნული ხედი ხიბლავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს, რომლებიც თავიანთ ჩამოსვლას ხშირ შემთხვევაში ამ პერიოდს ამთხვევენ. ტიტებით სავსეა სტამბოლში ემირგანისა (Emirgan Park) და ილდიზის (Yildiz) პარკები, გულჰანეს ბაღი (Gulhane Park) და სხვ. აღსანიშნავია, რომ ტიტების პერიოდი მარტის ბოლოდან იწყება და მაისის დასაწყისში მთავრდება.
თურქულ ხელოვნებასა და კულტურაში ტიტებს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს
თურქული კულტურის სიმბოლოდ ქცეული ტიტა პირველად, პამირის მთების თურქებმა ანადოლუში ჩამოიტანეს. ოსმალეთში იგი უკვე მე-12 საუკუნიდან ორნამენტების სახით გამოიყენება ჭურჭლებზე, ხალიჩებზე, ტანსაცმლებზე, იარაღებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებზე. ტიტა თურქი პოეტების ლექსებსა და მოთხრობებშიც ხშირად არის ნახსენები, სადაც ჩანს, რომ ისინი დიდ პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავენ ამ ყვავილის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ სტამბოლს ხშირად „ტიტების დედაქალაქს“ უწოდებენ.
ტიტები განსაკუთრებით პოპულარული იყო ოსმალეთის მმართველებსა და მაღალ საზოგადოებაში და მას საუკუნეების მანძილზე ყოველთვის ზრდიდნენ ბაღებსა და სასახლეებში. ისინი მეტად აქტუალური გახდა სულთან სულეიმანის პერიოდში. მე-16 საუკუნის შემდეგ თურქეთში აქტიურად დაიწყეს ტიტის ჯიშების გამოყვნა და განვითარება. უნდა აღვნიშნოთ, რომ კლასიკური ოსმალეთის ტიტა არის წითელი ფერის, წაწვეტებული ფურცლებით. საგულისხმოა ისიც, რომ სულთან აჰმედ III-ის მმართველობის 1718-1730 წლებში, პერიოდს “ტიტების ერა” ეწოდა.
ტიტის ყველა ფერს თავისი დატვირთვა აქვს
ტიტების გამოყვანასთან ერთად იმატა მისი ფერების რაოდენობამაც. ყველა ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, წითელი ტიტა სიმბოლურად ნიშნავს სიყვარულს, თეთრი – სიწმინდესა და უდანაშაულობას, იასამნისფერი – რომანტიკას, ყვითელი – სიხარულსა და ბედნიერებას, შავი კი, რომელიც იშვიათად მოიპოვება, ნიშნავს მიუწვდომლობას და იშვიათობას.
ტიტები ევროპაში ფართოდ ცნობილი გახდა მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც იგი ჯერ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, შემდეგ კი ნიდერლანდებში ჩამოიტანეს, სადაც მან მოკლე დროში მიიპყრო ჰოლანდეილების ყურადღება.
დღეს ანადოლუში ტიტის მრავალი ჯიშია მოყვანილი, მათგან ყველაზე გასაოცარია “შებრუნებული ტიტები”. დღეს მსოფლიოში მისი 167 სახეობა არსებობს, რომელთაგანაც 43 მოჰყავთ თურქეთში.
საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ შუა გაზაფხულზე სტამბოლი ყველაზე ფერადად გამოიყურება. სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ ტიტების მინდვრებს, მიიღონ მონაწილეობა ტიტების ფესტივალებსა და ღონისძიებებში და ისიამოვნონ ამ საოცარი ხედებით.