საქაერონავიგაციას New York Times-ის ინტერნაციონალურ გამოცემა The Big Ideas-ში სარეკლამო სტატიის განთავსება სურს. ამ მიზნით კი სახელმწიფო შპს 15000 ლარის დახარჯვას აპირებს. ამ მიზნით კი საქაერონავიგაცია გამარტივებული შესყიდვის გაფორმებას ითხოვს „საგამომცემლო სახლი სახე(ლ)ები“-სთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ჟურნალის გამოცემის ექსკლუზიური ნებართვა გააჩნია.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წელს შპს “საქაერონავიგაცია” დაარსების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„კომპანიამ ბოლო წლებში, საავიაციო სექტორში COVID-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისის მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და თავის მომხმარებელს ბევრი სიახლე შესთავაზა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ განთავსდეს პუბლიკაცია ჟურნალში ,,სახე(ლ)ები” და სარეკლამო მასალა მსოფლიოში ცნობილი გაზეთის New York Times-ის ინტერნაციონალურ გამოცემაში The Big Ideas“, აღნიშნულია შესყიდვების დოკუმენტში, რომელიც საქაერონავიგაციას ეკუთვნის.

შპს “საქაერონავიგაციის” ძირითადი საქმიანობა საქართველოს საჰაერო სივრცეში უსაფრთხო ფრენების განხორციელება და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაა.

„შესაბამისად, ჩვენი კომპანიის სამიზნე აუდიტორია სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, უცხოური ორგანიზაციები და ავიაკომპანიებია. ამასთანავე, კომპანიის მიერ განხორციელებული ნებისმიერი პროექტი ლოგიკურად დროშია გაწელილი და აქედან გამომდინარე, ჩვენ მკითხველს ყოველთვიურად უახლეს ინფორმაციას ვერ შევთავაზებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის რელევანტურია, ყოველწლიური გამოცემა, სადაც გვექნება შესაძლებლობა, დაინტერესებულ სტრუქტურებს გავაცნოთ ის ტენდენციები, რასაც ქართული ავიაციის განვითარებისთვის აკეთებს შპს “საქაერონავიგაცია”, – აღნიშნულის სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში.

ირკვევა, რომ 2019 წლიდან „საგამომცემლო სახლი სახე(ლ)ები“ თანამშრომლობს და სამი სალიცენზიო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული The New York Times Sindication Sales Corporation d/ba The New York Times Licensing Group – თან. ამ თანამშრომლობის შედეგად მედია პროექტები მზადდება და იბეჭდება შემდეგ ინტერნაციონალურ გამოცემებში:

• Turning Points Global Agenda;
• The Big Ideas – What Is Power?
• The Big Ideas – Why Does Art Matter?
• Cuba – Revolution 60.
თითოეული მედიაპროექტი კონკრეტული თემით გამოიცემა მხოლოდ ერთხელ, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული თემის ირგვლივ მხოლოდ „საგამომცემლო სახლი სახე(ლ)ები“ ფლობს საქართველოში ერთჯერადად მომზადების და გამოცემის უფლებას.

საჟურნალე ფორმატის გამოცემა The Big Ideas, რომელსაც წელს წლის განმსაზღვრელ გამოცემას უწოდებენ, მსოფლიოს 21 ქვეყანაში გამოიცემა, საქართველო არის 22-ე ქვეყანა. გამოცემის 50% მზადდება და ლიცენზიანტს მიეწოდება New York Times-ის მიერ, დანარჩენი 50% კი საქართველოში ლიცენზიანტის მიერ მომზადდება.

თანამშრომლობის პრინციპი ეფუძნება The New York Times-ის მიერ შექმნილი და მოწოდებული საავტორო პუბლიკაციების და „საგამომცემლო სახლი სახე(ლ)ების“ მიერ მომზადებული პუბლიკაციების და სარეკლამო-საიმიჯო მასალების ერთ გამოცემაში თავმოყრას და გავრცელებას როგორც ბეჭდური, ასევე ონლაინ სახით (სოციალურ მედიაში, საერთაშორისო პლატფორმაზე). ბეჭდური გამოცემების ტირაჟის 20% იყიდება წიგნის მაღაზიებში, ხოლო 80% რიგდება უფასოდ პრეზენტაციებზე, სახელმწიფო უწყებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, საელჩოებში, ბიზნეს-კომპანიებში, კულტურის და სახელოვნებო წრეებში.