ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტომანქანების გაქირავების სერვისის უზრუნველყოფის მიზნით აუქციონი გამოცხადდა. აუქციონის პირობების მიხედვით გამარჯვებულს მინიმუმ 5 საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების გამოცდილება ექნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე მდებარე  4,5 კვ.მ ფართობის დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გაცემის მიზნით პირობებიანი აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის პირობების მიხედვით, აღნიშნულ ფართი გამოყენებულ უნდა იქნეს მსუბუქი მაღალი გამავლობის და მსუბუქი ავტომობილების გაქირავების სერვისის უზრუნველყოფის მიზნით. 

ობიექტის დროებით სარგებლობაში გადაცემის ვადა – 1 წელია და აუქციონზე ყოველთვიური საიჯარო საწყისი ღირებულება 5000 ლარითაა (დღგ-ს ჩათვლით) განსაზღვრული. აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ხელშეკრულების წლიური ფასის 20%-ის ოდენობით) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 7 დღის ვადაში ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხეშეკრულების ვადას არანაკლებ 7 დღით. აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების გარანტია გამოყენებულ იქნება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ნებისმიერი იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც წარმოიშობა ელექტრონული აუქციონის შედეგად გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.
იჯარით გადაცემულ ფართში, რეისის მოფრენამდე 1 საათით ადრე და რეისიდან 2 საათის შემდეგ აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ავტომანქანების გამქირავებელი კომპანიის წარმომადგენელი და ხორციელდებოდეს შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/გაწევა მსურველი პირებისთვის.
ასევე, მოიჯარე ვალდებულია მუდმივად მობილიზებული ჰყავდეს არანაკლებ 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების მობილიზება.
შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება: გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში უზრუნველყოფს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე მოიჯარისთვის 3 ადგილის გამოყოფას. დამატებითი ადგილის საჭიროების შემთხვევაში, თითოეული დამატებითი ადგილის ღირებულება განისაზღვრება შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად (რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს: 1 საათი – 1 ლარი; სადღეღამოსი დგომის შემთხვევაში – 7 ლარი).
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს იჯარით გადაცემული ფართის ბრენდირება, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან წინასწარი შეთანხმებით.
აუქციონში გამარჯვებულმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურება უნდა შესთავაზოს/გაწიოს ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით, რომელიც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 5 საერთაშორისო აეროპორტში. აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებლად კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია იყოს აეროპორტის, ავიაკომპანიის, ან/და სასაქონლო ნიშნით იდენტიფიცირებული  კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდი. დოკუმენტი მისაღებად ჩაითვლება, თუ დადასტურდება, რომ აეროპორტ(ებ)ში მგზავრებისთვის მომსახურების შეთავაზება/მიწოდება ხდება ამ სასაქონლო ნიშნით, სხვა დანარჩენ საშუალებებთან ერთად, აეროპორტ(ებ)ის ტერიტორიაზე განთავსებული დახლიდან ან/და ოფისიდან. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირობა სრულად დაკმაყოფილებული იქნება აუქციონში გამარჯვებულის მიერ, აუქციონში გამარჯვებულს სურვილის შემთხვევაში უფლება ექნება მსურველ პირებს მომსახურება შესთავაზოს/გაუწიოს, დამატებით წარმოდგენილი სასაქონლო ნიშნების გამოყენებითაც. ამასთან, აუქციონში გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს სალიცენზიო ხელშეკრულება ან/და სასაქონლო ნიშანზე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის წერილობითი დასტური, რომელიც დაადასტურებს აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შესაბამისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართის იჯარით გაცემისთვის აუქციონი 21 იანვრისთვისაა ჩანიშნული.