10 წლის წინ, ალბათ ვერც საავიაციო ხელისუფლების და ვერც ინდუსტრიის წარმომადგენლები ვერ იფიქრებდნენ, რომ საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების 87%-იანი შესრულებით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგში იდგებოდა, – ასე ეხმაურება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ  ჯალაღონია ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნას, რომლის მიხედვით საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა.

როგორც ჯალაღონია განმარტავს, 10 წლის წინ მართლაც წარმოუდგენელი იყო იმაზე ფიქრი, რომ საქართველო გახდებოდა ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი, რომ საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 4 მილიონს გადააჭარბებდა, ავიაბაზარზე ოპერირებას 50-მდე ავიაკომპანია განახორციელებდა და გვექნებოდა ამდენი სერტიფიცირებული აეროდრომი და ქართული ავიაკომპანიები ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაციას მოიპოვებდნენ.

„ავიაციის დარგის წარმომადგენლებმა კარგად იციან თუ რა შრომის და ძალისხმევის ფასად არის სამოქალაქო ავიაცია ყველაზე უსაფრთხო, ხარისხიანი, სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტი მსოფლიოში, თუ როგორი კოორდინირებული, ერთობლივი მუშაობაა საჭირო იმისთვის რომ ფეხი ავუწყოთ მზარდ საბაზრო მოთხოვნას და თანამედროვე გამოწვევებს. ყველა ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს გვყავს ძლიერი გლობალური მოკავშირე და მარეგულირებელი – ICAO, თუმცა ICAO-ს  მიერ დადგენილ სტანდარტებს ადგილზე სჭირდება დანერგვა და შესრულება. ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიერ ICAO-ს ბოლო აუდიტებზე ნაჩვენები შედეგები არ იქნებოდა მაღალი – რომ არა ის ფაქტი, რომ ინდუსტრია ხარისხიანად და სააგენტოს მოთხოვნებთან თანხვედრაში უზრუნველყოფს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ზომების გატარებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლება და მთელი ინდუსტრია უკვე მყარად ჩამოვყალიბდით იმისათვის, რომ ჩვენი მოქმედებებით მხოლოდ განვამტკიცოთ და უფრო განვავითაროთ ფრენების უსაფრთხოების კომპონენტები და ეს პროცესი შეუქცევადია.

დარგის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი, ზედამხედველობის ხარისხის სრულყოფა, საავიაციო ბაზრის და საავიაციო ხელისუფლების ინსტიტუციონალური განვითარება, საჰაერო სივრცეში უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა მთავრობასთან, პარლამენტთან, ჩვენს ზემდგომ – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებთან და სახელმწიფო უწყებებთან, ქვეყნის დიპლომატიურ მისიებთან აქტიური ურთიერთქმედების გარეშე“, აცხადებს გურამ ჯალაღონია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი უწყება მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს.

„წინ არაერთი სტანდარტის დანერგვა და გატარება, არაერთი აუდიტი გავლა და ICAO-სთან კოორდინირებული ქმედებები გველის, რათა სრულად დავაკმაყოფილოთ ჩიკაგოს კონვენციის მოთხოვნები, რაც რა თქმა უნდა წაადგება დარგს და რაც მთავარია ჩვენს მომხმარებლებს“, აცხადებს ჯალაღონია.