„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტის დასკვნით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა,  ევროპაში მეათე, ხოლო მსოფლიოში ოცდამეათე ადგილს იკავებს“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

„საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. აუდიტის შედეგებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქვეყანას სამოქალაქო ავიაციის დარგში სწორი გეზი აქვს აღებული. ამასთან, აღნიშნულმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი გავუმკლავდეთ და ვმართოთ სამოქალაქო ავიაციის დარგში არსებული გამოწვევები საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის გზით, რაც შეუქცევადი პროცესია“ – აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.