2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 178.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 412.2 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
როგორც საქსტატის მიერ გავრცელებული მაჩვენებლებიდან ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 94.9 პროცენტით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 138.3 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებლებს.

2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 667.0 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 1 238.0 მლნ. ტონა-კილომეტრს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გადატანილი ტვირთის მოცულობა 53.7 პროცენტით, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 52.3 პროცენტით გაიზარდა.

2022 წელს საქართველოს აეროპორტები 4 456.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 79.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შებამის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელს მიიღო 2 196.1 ათასი მგზავრი (75.7 პროცენტით მეტი გასულ წელთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 2 260.0 ათასი მგზავრი (82.4 პროცენტით მეტი გასულ წელთან შედარებით).

2022 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთის (მოიცავს ასევე ფოსტას) ნაკადის მოცულობამ 17.9 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 83.2 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 16.8 პროცენტი – გაგზავნილი.
2022 წელს საქართველოს აეროპორტებში 21.5 ათასი რეისი განხორციელდა, რაც 42.8 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.