ნორმატიული აქტის პროექტის გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განსახილველად წარმოადგენა ნორმატიული აქტი „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი“.

წარმოდგენილი პროექტი, დამტკიცების შემდეგ, ჩაანაცვლებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 28 მაისის №81 ბრძანებით დამტკიცებულ წესს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების თაობაზე.

წესის ცვლილების მიზანია საავიაციო საწვავის მიღების, შენახვის, გაცემის და საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის მოქმედი პროცესების და პროცედურების სრულყოფა JIG სტანდარტების (საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლისა და საექსპლუატაციო პროცედურების საერთაშორისო სტანდარტები) გათვალისწინებით. ამასთან წარმოდგენილი პროექტით, ხდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრა იმ საწვავ-გასამართი საწარმოებისთვის, რომლებიც არ იმყოფებიან აეროდრომის/ვერტოდრომის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ახალი პროექტით საწვავ-გასამართი საწარმოები რეზერვუარების პარკის საერთო მოცულობის მიხედვით იყოფა ორ კატეგორიად:

? პირველი კატეგორიის საწვავ-გასამართი საწარმო, რომლის რეზერვუარების პარკის საერთო მოცულობა არ აღემატება 50 ტონას;

? მეორე კატეგორიის საწვავ-გასამართი საწარმო, რომლის რეზერვუარების პარკის საერთო მოცულობა აღემატება 50 ტონას.

წარმოდგენილი წესით, აღნიშნულ კატეგორიებზე ხდება პროპორციულ მოთხოვნების გავრცელება, საწვავის მიღების, შენახვის გაცემის, საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების დიფერენცირების გზით, რაც გულისხმობს პირველი კატეგორიის საწვავ-გამმართველი საწარმოებისათვის, შედარებით გამარტივებული მოთხოვნების დაწესებას, სერტიფიცირებული აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიების მიღმა საჰაერო ხომალდების მობილური სადგურების მეშვეობით გამართვაზე. ზემო აღნიშნული პროცესის მოწესრიგება თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით, საფრენ მოედნებზე საავიაციო საწვავის მიწოდების მოქნილობას და ხელმისაწვდომობას.

წესის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/publicconsultations.php

➡ დაინტერესებულ მხარეებს შენიშვნებისა და წინადადებების წარმოადგენა შეუძლიათ 2 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელ. მისამართზე: aga@gcaa.ge