საჰაერო ხიდები ისეთ ქვეყნებთან უნდა გაავლოთ, რომლებიც იმ წარმატებულები არიან ვირუსის შეკავების პროცესში როგორც თქვენ, ასეთია რჩევა საავიაციო სფეროს საერთაშორისო კონსულტანტის ბრენდან სობიესგან, რომელთანაც ინტერვიუ ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა „კორონომიქსმა” ჩაწერა. ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს ტურისტებისათვის გახსნის შემდეგ ყველა ტურისტული აქტივობა სოციალური დისტანცირების წესის დაცვით ვერ განხორციელდება. “საზღვრების გახსნა არ ნიშნავს ტურიზმის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას, ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ადამიანებს აღარ აქვთ იმდენი შემოსავალი რომ დასვენებაზე დახარჯონ თანხები”.
– ახლა როდესაც ქვეყნები მკაცრი შეზღუდვებიდან გამოსვლას იწყებენ და ეტაპობრივად ხსნიან საზღვრებს, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა – როდიდან შევძლებთ კვლავ მოგზაურობას და რამდენად შეცვლის ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებები ავიაციის სექტორს
– საერთაშორისო საავიაციო ბაზრის აღდგენის პროცესი საკმაოდ ნელი და რთული იქნება. გარკვეული ქვეყნები შეძლებენ კონკრეტულ ქვეყნებთან საზღვრის გახსნას – ჩვენ ამას საჰაერო ხიდებს და საჰაერო ბუშტებს ვუწოდებთ. თუმცა მას შემდეგაც როდესაც საერთაშორისო მასშტაბით სრულად აღდგება ფრენები ავიაციის სექტორს საკმაოდ გაუჭირდება ძველ ნიშნულზე დაბრუნება. ალბათ ამისთვის რამდენიმე წელი იქნება საჭირო. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა პატარა ქვეყანამ როგორიც საქართველოა ადგილობრივი ტურიზმი განავითაროს, რადგან საერთაშორისო ტურისტების გადაადგილება დიდი ხნით დარჩება შეზღუდული.
– როგორც ცნობილია ავიაკომპანიებს გარკვეული რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ, მათ შორის ბორტზე დასაშვები მგზავრების რაოდენობის მხრივაც. რამდენად იმოქმედებს ეს საფასო პოლიტიკაზე და რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ იაფი ფრენების ერა დასრულდა?
– მაშინ როდესაც ბაზარზე ძლიერი კონკურენციაა ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ. ავიაკომპანიები მოუთმენლად ელიან ფრენების განახლებას, მათი უმეტესობა ფინანსურად საკმაოდ დაზარალდა, ასე რომ შეზღუდვების მიუხედავად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მგზავრების მოზიდვა. ზოგიერთ ქვეყანაში ავიაკომპანიებს აქვთ უფლება ბილეთები სრულად გაყიდონ, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში რეკომენდაცია ბორტზე მგზავრების რაოდენობის შეზღუდვას ითვალისწინებს, იმისთვის რომ მათ სოციალური დისტანცირების პრინციპი შეინარჩუნონ.
– არაერთმა ნაციონალურმა ავიაკომპანიამ საკუთარი სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. საქართველოშიც ადგილობრივი ავიახაზები დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს, როგორია ამ კუთხით საერთაშორისო პრაქტიკა – უნდა დავეხმაროთ თუ არა ავიაკომპანიებს ?
– 30-ზე მეტმა ქვეყანამ უზრუნველყო ავიაკომპანიებისთვის ფინანსური დახმარება. ამის გარეშე მათი უმეტესობა გაკოტრდება. დახმარების არაერთი გზა არსებობს, როგორიცაა პირდაპირი ფინანსური დახმარება, სესხები, მათ შორის მთავრობის მხრიდან თანამშრომლების ხელფასების სუბსიდირება. მსგავსი დახმარებების გარეშე ავიაკომპანიები მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ.
– საქართველო 15 ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს ხსნის. თქვენი აზრით რა ტიპის სავალდებულო რეკომენდაციები უნდა გაიწეროს ტურისტებისთვის – რომლებიც ერთის მხრივ ვირუსის გავრცელებას შეაკავებს, თუმცა მეორეს მხრივ არ იქნება ისეთი მკაცრი რომ ტურისტმა ზაფხული კარანტინში არ გაატაროს?
– რეალისტურად უნდა შევხედოთ სიტუაციას – ყველა ტურისტული აქტივობა სოციალური დისტანცირების წესის დაცვით ვერ განხორციელდება. ამიტომ აქცენტი ისეთ კურორტებზე უნდა გააკეთოთ რომლებსაც დიდი სივრცე აქვთ ღია ცის ქვეშ. საჰაერო ხიდები ისეთ ქვეყნებთან უნდა გაავლოთ, რომლებიც ისეთივე წარმატებულები არიან ვირუსის შეკავების პროცესში როგორც თქვენ. საზღვრების გახსნა არ ნიშნავს ტურიზმის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას, ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ადამიანებს აღარ აქვთ იმდენი შემოსავალი რომ დასვენებაზე დახარჯონ თანხები.
– უცხოელი ინვესტორები და ბიზნესმენები მუდმივად ამბობენ, რომ ერთ-ერთი დაბრკოლება საიმისოდ რომ საქმიანობა საქართველოში გადმოიტანონ ფრენების სიხშირეა. თქვენი აზრით აქვს საქართველოს პოტენციალი ამ კუთხით შეასრულოს ერთგვარი ჰაბის როლი?
– რეგიონში საქართველოს საკმაოდ კარგი პოზიცია უკავია. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრად იქცა. ახლა არსებული სიტუაციის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოთ. მთავრობამ საავიაციო სექტორს ხელი უნდა შეუწყოს, თუმცა აქ არ ვგულისხმობ პირდაპირ ფინანსურ დახმარებას. საქართველოს აეროპორტების ნაწილს „ტავ ინთერნეიშენალი“ მართავს, რომელსაც ეს უფლება რამდენიმე წელში ეწურება, ასე რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მისაღები. მაგალითად ქუთაისის აეროპორტი მთავრობის მმართველობაშია, მთავრობა უნდა ეცადოს რომ მისი გაფართვებისთვის თანხები კერძო სექტორისგან მოიზიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ რომ პროცესი ჭიანურდება. აეროპორტების პრივატიზება საუკეთესო შესაძლებლობაა მისი გაფართოვებისა და განვითარებისთვის. თუმცა ამ შემთხვევაში მთავრობა კონტროლს კარგავს, რასაც შესაძლოა ტარიფების გაზრდა მოჰყვეს.