საავიაციო სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი ტურიზმის “გახსნისთვის” აუცილებელ და ახლად შემუშავებულ რეგულაციებს აფასებს. თამუნა თანდაშვილი ამბობს, რომ რეგულაციები მეტნაკლებად მოერგო ქართულ ბიზნეს მოდელებს სტუმართმასპინძლობისა თუ განთავსების სფეროებში, ისევე როგორც ავიაციაში.

“რადგან ახლად შექმნილი ტურიზმის ალიანსის საქმიანობაში ვარ ჩართული, მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია როგორ მიმდინარეობდა პროცესი. რეგულაციების მომზადებაში საჯარო სექტორმა აქტიურად ითანამშრომლა ტურიზმის სექტორის თითოეულ სფეროსთან და დეტალურად გაეცნო, მოისმინა და შეისწავლა ინდუსტრიის გამოწვევები.

ძალიან იშვიათად მინახავს სხვა ქვეყნებში რომელიმე მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს whatsup ჯგუფებში ასეთი პერსონიფიცირებული კომუნიკაცია დაემყარებინა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან და ნამდვილად დასაფასებელია მათი მხრიდან. რეგულაციები მეტნაკლებად მოერგო ქართულ ბიზნეს მოდელებს სტუმართმასპინძლობისა თუ განთავსების სფეროებში, ისევე როგორც ავიაციაში.

ის რომ ეპიდემიოლოგების რჩევა და რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რეგულაციების შექმნაში, ცალსახაა.

ბიზნესი გადადის მუშაობის ახალ სქემაზე. პროცესი ვერ იქნება უმტკივნეულო.

მთავარია ახლა არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც ბიზნესი თავის საქმეს აკეთებს და საჯარო სექტორი თავისას. რთულ მომენტებში კი ერთმანეთს ეხმარება ორივე მხარე და არა პირიქით.
სახელმწიფო ვართ ჩვენ, მოქალაქეები რომლებიც ყოველდღიურად ვქმნით ქვეყნის და ჩვენს საკეთილდღეო გარემოს და არ არსებობს სხვადასხვა ბანაკი და მხარე.

ჩვენს ინტერესებში შედის ჩვენივე ბიზნესის განვითარება, ჩვენი სერვისების დახვეწა, დიჯიტალიზაცია და ამ მეთოდით ეკონომიკური გაძლიერება”, წერს სოციალურ ქსელში თამუნა თანდაშვილი.