სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პლანერების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესი შეიმუშავა. „პლანერების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესი” სააგენტომ უკვე გარე განხილვაზეც გამოიტანა და დარგის სპეციალისტებს საკუთარი მოსაზრებების ან რეკომენდაციების დაფიქსირება სააგენტოში თამამად შეუძლიათ.

წესის პროექტი ადგენს პლანერის საფრენოსნო ექსპლუატაციის მოთხოვნებს როგორც პლანერების აღჭურვილობის, ისე საფრენოსნო პროცედურების და დოკუმენტაციის მიმართ, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ექსპლუატანტმა. აქამდე პლანერების ექსლუატაცია საქართველოს საავიაციო კანონმდებლობით არ იყო რეგულირებული. წარმოდგენილი პროექტი ეფუძნება აღნიშნული ტიპის საჰაერო ხომალდების რეგულირების კუთხით არსებულ ევროპულ გამოცდილებას, კერძოდ, წესის მიღებით, სააგენტო განახორციელებს ევროკომისიის რეგულაციის Regulation (EU) 2018/1976 მოთხოვნების დანერგვას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში პლანერების საფრენოსნო ექსპლუატაცია განხორციელდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
პლანერი არის ჰაერზე უფრო მძიმე საჰაერო ხომალდი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს უძრავ ამწევ ზედაპირებზე ჰაერის დინამიკური მოქმედების (რეაქციის) შედეგად და რომლის თავისუფალი ფრენა არ არის დამოკიდებული ძრავზე. ამ ტიპის საჰაერო ხომალდები ძირითადად გამოიყენება სპორტული, რეკრეაციული და სასწავლო ფრენების განხორციელების მიზნით, თუმცა შემუშავებული წესის ფარგლებში, დასაშვებია, ასევე მათი კომერციული ექსპლუატაცია, რაც საზღაურის სანაცვლოდ პლანერის ექსპლუატაციას გულისხმობს.
პლანერის კომერციული ექსპლუატაციის შემთხვევაში, ექსპლუატანტი ვალდებული იქნება სააგენტოში წარმოადგინოს განცხადება (დეკლარაცია) და მიუთითოს ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რასაც დეკლარირების პროცესი ითვალისწინებს.
პლანერის, ექსპლუატაცია როგორც წესი ხორციელდება ბუნებრივი საფარის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მქონე აეროდრომიდან ან საფრენი მოედნიდან. მისი ექსპლუატაცია არ საჭიროებს, ისეთ მნიშნველოვან ინფრასტრუქტურას, როგორიცაა მუდმივი შენობა-ნაგებობები, ხელოვნური საფარის მქონე ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და საწვავ-გასამართი სადგურები, რაც საკმაოდ ამცირებს აღნიშნული საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო ხარჯებს და ხელმისაწვდომს ხდის მის ოპერირებას.
პლანერების კომერციულ ექსპლუატანტებზე ზედამხედველობას განახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. წესის მიღება 2024 წელს იგეგმება.
ℹ ნორმატიული აქტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერზე: https://gcaa.ge/draft-regulations/
🖊  პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ 2024 წლის 10 აპრილამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: uas-ga@gcaa.ge.