COVID-19-ის პანდემიის ფონზე საავიაციო ბაზარზე ცვლილებები გარდაუვალია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თამარ არჩუაძის განმარტებით ცვლილებები იქნება როგორც მგზავრთნაკადის ასევე ავიაკომპანიებისა და სიხშირეების მიმართულებით.
“ბაზარზე იქნება ცვლილებები მგზავრთნაკადის, ავიაკომპანიებისა და სიხშირეების მიმართულებით. ველაპარაკებით ყველა ავიაკომპანიას, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებდნენ. ყველა ავიაკომპანია გამოთქვამს მზადყოფნას განაახლონ ფრენები, თუმცა ეს მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმ ეპიდსიტუაციაზე რაც არის იმ ქვეყნებში და ზოგადად მსოფლიოში. საზღვრების გახსნის მიხედვით იქნება ავიაკომპანიების დაბრუნებაც. იმიტომ, რომ ჩვენთან ბევრი სხვადასხვა ავიაკომპანია დაფრინავდნენ და თუ ამ ქვეყნების საზღვრები გახსნილი არ იქნება ისინი დაბრუნებას ვერ შეძლებენ”, განმარტა “პალიტრას” ეთერში თამარ არჩუაძემ.
მისივე განმარტებით, პირველი ქვეყანა რეგულარული ფრენებისთვის გახსნილი იქნება, ისრაელია, თუმცა საბოლოო დეტალები 15 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა საავიაციო სფეროს გაიდლაინებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაკმაყოფილება და გათვალისწინება დიდი სირთულეებთან დაკავშირებული არ არის.
“გაიდლაინები, რომელიც დამტკიცდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ინდუსტრიის აქტიური ჩართულობით. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან მათი დაკმაყოფილება ძალიან ადვილი იქნება. მგზავრებს მოუწევთ პირბადით გამოცხადება აეროპორტში, რაც თავის მხრივ სიახლე არ არის, რადგანაც პირბადის ტარება ჩვენი ყოველდღიური რეალობა გახდა. ისინი გაივლიან დამატებით თერმოსქრინინგს. იმ შემთხვევაში თუ მათ დაუფიქსირდებათ ტემპერატურა 37,5 გრადუსზე ნაკლები, ისინი შეძლებენ ჩასხდომის პროცესის გაგრძელებას. სოციალური დისტანციის დაცვით გაივლიან საავიაციო უშიშროების და სასაზღვრო პროცედურებს, ხოლო შემდეგ ჩასხდებიან თვითმფრინავში”, განაცხადა არჩუაძემ.