COVID-19-მა მსოფლიო ავიაციის დღისწესრიგი შეცვალა. ქვეყნებს ფრენების გახსნისთვის და მგზავრთა უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა რეგულაციის დანერგვა უწევთ. საქართველოს მთავრობამ საავიაციო სფეროს გაიდლაინები უკვე გამოაქვეყნა, რომლიც დაცვაც ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან ერთად მგზავრებისთვისაც უმნიშვნელოვანესია.  

რა იცვლება Georgian Airways-ის საქმიანობაში და როგორ მოახდენს ავიაკომპანია მგზავრთა ტრანსპორტირებას, დეტალებზე Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია AviaNews- ესაუბრა:

“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის მგზავრთა უსაფრთხოება, ეს იქნება ტექნიკური უსაფრთხოება თუ ფრენის უსაფრთხოება. ამ ყველაფერს ახლა ემატება ერთობ აქტუალური საკითხი – ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ჩვენ მზად ვართ ყველა რეკომენდაცია მივიღოთ, გავიზიაროთ და ჩვენს ყოველდღიურ ფრენებში დავნერგოთ. უზრუნველყოთ მათი შესრულება. უფრო მეტიც, უკვე ნაწილი რეკომენდაციებისა პრაქტიკაში უკვე გათვალისწინებულია კიდეც. 

მარტიდან ვახორციელებთ სარეპატიაციო რეისებს. 34 სპეცრეისი განვახორციელეთ და სამშობლოში ჩამოვიყვანეთ საქართველოს 3500 მოქალაქე. გეტყვით, რომ რეისების შესრულებისას არც ერთი ჩვენი პილოტი და ბორტგამყოლი არ დაინფიცირებულა. ეს იმის მაგალითია, რომ ჩვენ თავიდანვე მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავით საქარველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათთან ერთად განვახორციელეთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების ზომების რეალიზაცია. გაიდლაინებში ჩამოთვლილი – ინსტრუქტაჟი, პირბადეები, ხელთათმანები, სათვალეები, სპეციალური ეკიპირება – Georgian Airways-მა საქართველოში პირველებმა აღვჭურვეთ ეკიპაჟის წევრები შესაბამისი ეკიპირებით და ჩვენს კომპანიას ამ მიმართულებით უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა“.

ანუ მთავრობის მიერ შემუშავებული საავიაციო სფეროს გაიდლაინების გათვალისწინება და დანერგვა 1-ელ ივლისამდე მოსწრებადია?

– დიახ რა თქმა უნდა მოსწრებადია და ეს უკვე ხორციელდება. ყველაფერი რაც ამ გაიდლაინებში არის ასახული ჩვენს მიერ დაცული და შესრულებულია.

გაიდლაინებში საუბარია HEPA ფილტრებზეც. ამ მხრივ რა მდგომარეობაა, თქვენი ავიაკომპანიის ფლოტში მდგარი თვითმფრინავები ასეთი ტიპის ფილტრებით უკვე აღჭურვილია?

– იქ საუბარია, რომ საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის  მიწოდების რეჟიმში. 

ჩვენი კომპანიის საჰაერო ხომალდებში სხვა თანამედროვე სტანდარტების ფილტრებია დამონტაჟებული და უშუალოდ HEPA ფილტრების მონტაჟის ტექნიკურ მხარეს ახლა ვამუშავებთ.

ამ ტიპის ფილტრების მონტაჟი კომპანიისთვის დიდ ხარჯთან იქნება დაკავშირებული? თუ მოიკვლიეთ ამ მიმართულებით ბაზარი.

– კი, ეს ჩვენი კომპანიისთვის იქნება დამატებითი ხარჯი და საჭიროებს მოდიფიკაციას. დადგენილებაში საუბარია, რომ მან ხელი არ უნდა შეუშალოს საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფუნქციებს. ანუ ჯერ უნდა მოხდეს ტესტირება, შემოწმება და შესაბამისი თანხმობის მიღება. რაც შემდეგ ინჟინრულად და ფინანსურად უნდა იყოს განსაზღვრული, დათვლილი და დამტკიცებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებით. სწორედ ამის შემდეგ მოხდება HEPA ფილტრების დანერგვა. 

მგზავრებისათვის მნიშვნელოვანია ასევე ბორტკვების საკითხი. როგორც ირკვევა ავიაკომპანიებს 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას  მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა აეკრძალათ. იმ რეგულარულ მიმართულებების გათვალისწინებით, რომელზედაც Georgian Airways- COVID-19-ის პანდემიამდე ოპერირებდა, რომელ მიმართულებებზე იქნება დასაშვები ბორტზე კვება და რომელზე არა?

– 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას მგზავრების კვებით უზრუნველყოფა, ჯანდაცვის ზომების უზრუნველსაყოფათ, გვეკრძალება. რაც შეეხება 3 საათზე მეტი ხანგრძლივობის რეისებს, მგზავრთა კვებისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა. მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს რეისებზე კვება აღარ იქნება. მგზავრებს მხოლოდ მიეწოდებათ წყალი და გამაგრილებელი სასმელები. მგზავრები წინასწარ იქნებიან გაფრთხილებულები, რომ კვება არ მიეწოდებათ 

მართალიაქართულ რეგულაციებშიარ წერია, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო, შემცირებული ხელბარგის მოცულობა. ამ მხრივ თუ იგეგმება Georgian Airways-ში ცვლილებები და ხომ არ აპირებს კომპანია საბარგო პოლიტიკის გადახედვას?

– მესმის რასაც მეუბნებით, თუმცა კონკრეტული წონა იქაც მითითებული არ არის. ჩვენი ხელბარგი, მიგვაჩნია, რომ ისედაც ოპტიმალური იყო და რაიმე სახის ცვლილებებს მაგ მიმართულებით არ განვიხილავთ. 

მგზავრმა აეროპორტში გაიარა ყველა საჭირო პროცედურა და ავიდა ბორტზე, რაც თავის მხრივ განახლებული წესებით უნდა მოხდეს. ეს რეგულაცია, ხომ არ გამოიწვევს ჩასხდომის ხიდთან საჰაერო ხომალდის დგომის გახანგრძლივებას და შესაბამისად ავიაკომპანიისთვის ხარჯის ზრდას?

– როდესაც უცხოეთში არის ჩვენი რეისი, 3 საათიანი შუალედი გვაქვს და შესაბამისად მივიჩნევთ, რომ ამ მიმართულებით ხარჯის ზრდა არ იქნება და პროცედურებისთვის ეს დრო სრულად საკმარისია. 

მგზავრის ბორტზე ყოფნისას, გააჩნია ფრენის ხანგრძლივობას, რეკომენდაციაა, რომ გარკვეული დროს შემდეგ უნდა მოხდეს პირბადის შეცვლა. ხომ არ აპირებს ავიაკომპანია, სხვა ავიაკომპანიების მსგავსად, მგზავრები უზრუნველყოს დამატებითი პირბადითა და სადენზინფექციო საშუალებებით?

– ყველა მგზავრს მოეთხოვება, რომ საჰაერო ხომალდზე გამოცხადდეს პირბადით. თუმცა თუ მგზავრს არ ექნება პირბადე ან დამატებითი პირბადის აუცილებლობა დაუდგება ჩვენი კომპანია მას ამით უზრუნველყოფს. ბორტზე გვექნება პირბადეების საკმარისი მარაგი, თუ კი ვინმეს არ ექნება, დაუზიანდება ან დაეკარგება ჩვენ პირბადეს მას მივაწვდით.

ავიაკომპანიების ნაწილმა თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა მობილობის შემცირებისთვის გარკვეული წესები შეცვალა. მაგალითად მგზავრს საპირფარეშოს მიმართულებით გადაადგილებისათვის ბორტგამყოლის ნებართვა ესაჭიროება. როგორი რეგულაციები იმოქმედებს Georgian Airways-ის ბორტებზე?

– გამომდინარე იქედან, რომ საჰაერო ხომალდზე მგზავრთა გადაადგილება უნდა შემცირდეს და ვირუსის გადადების რისკიც მინიმუმამდე იყო დასული, მგზავრმა საჭირეობისამერ სპეციალურ ღილაკზე დაჭერით უნდა გამოიძახოს ბორტგამყოლი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრის ისეთ გადაადგილებას, რომ მას გასასვლელში სხვა მგზავრთან შეხება არ ქონდეს. ყველაფერი იქნება კოორდინირებული.

​- რაც შეეხება ბორტგამყოლებს, რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ ისინი Georgian Airways-ის ტრადიციულ უნიფორმას დაიბრუნებენ დამატებითი ეკიპირებით, თუ ისევ სპეცტანსაცმლით იქნებიან წარმოდგენილნი?

– ჩვენი ბორტგამყოლები საჰაერო ხომალდში წარმოდგენილნი იქნებიან სპეციალური ეკიპირებით: პირბადით, ხელთათმანებით, დამცავი სათვალეებით და სპეციალური კომბინიზონით. 

ახალი რეგულაციებით, საჰაერო ხომალდებში ყოველი რეისის შემდეგ დეზინფექციის ჩატარების აუცილებლობა დგება, რაც თავის მხრივ ხარჯია. თუ არის დათვლილი, რა დაუჯდება ავიაკომპანიას ეს დამატებითი სერვისი.

– სადენზინფეციო სამუშაოები ჩატარდება დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მოვახდენთ ამ პროცედურის ვიდეო გადაღებას, რომელსაც წარვუდგენთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომელიც მკაცრ კონტროლს აწესებს იმაზე, რომ დეზინფექცია განხორციელდეს ყოველი რეისის შემდეგ. კი ხარჯი არის, მაგრამ ეს არ არის დიდი ხარჯი. თითო თვითმფრინავის სრულმასშტაბიანი დეზინფექცია შესაძლოა 1000 დოლარამდე დაჯდეს, რაც თვითმფრინავის ხარჯშია შესული და იფარება ავიაბილეთიდან მიღებული შემოსავლებით.  

რეგულარული ფრენებისგახსნასრაც შეეხება, უკვე თუ მიდის მოლაპარაკებები რომელი მიმართულება იქნება პირველი? არ ვგულისხმობ თელ ავიავის მიმართულებას, რომელიც პირველი რიგის მიმართულებად, რომლის გახსნაც იგეგმება მთავრობის მხრიდან უკვე დაანონსდა.

– Georgian Airways-ი ევროპის მნიშვნელოვანი მიმართულებებით ოპერირებდა და მზად ვართ, რომ ამ მიმართულებებზე ფრენები განვაახლოთ. თუმცა ეს დამოკიდებულია მეორე ქვეყანაზეც სადაც დავფრინავდით, ანუ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება და რეგულარული ფრენებისთვის იქნება თუ არა გახსნილი. ჩვენ ინტერესი გვაქვს, რომ ჩვენი ტრადიციული მიმართულებები აღვადგინოთ.

მთავრობის მხრიდან გაჟღერდა, რომ Georgian Airways-ის შემთხვევაში დასუბსიდირდებოდა ორი მიმართულება. სუბსიდირების რა მოდელი განიხილება? მოხდება იმ ადგილების საფასურის ანაზღაურება, რომელზედაც ავიაბილეთი არ გაიყიდება, თუ ავიაბილეთის საფასურში გარკვეულწილად შემოვასახელმწიფო ფულიდა მოხდება მისი სუბსიდირება?

​- მთავრობასთან ჩამოგვიყალიბდა ძალიან კარგი თანამშრომლობა. COVID-19-ის პანდემიის პირობებში მუშაობის კარგი მაგალითი ვაჩვენეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მენეჯმენტის დონეზე ერთ გუნდად ვიმუშაოთ მგზავრთა უსაფრხოების უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე მიმდინარეობს კონსულტაციები, ივლისიდან თუ როგორ შეიძლება მოხდეს კომპანიის ხარჯების მთავრობის მიერ თანადაფინანება. ძალიან ბევრმა სახელმწიფომ ავიაკომპანიების დასახმარებლად გარკვეული თანხა გამოყო, რადგანაც მათ კარგად გაითავისეს უსაფრთხოების კონცეფციაში თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სტრატეგიული დარგის ქონა და მისი განვითარება. აღნიშნულ საკითხზე საუბარი მქონდა ევროკავშირის ელჩთანაც, რომელმაც აღგვითქვა, სრომ აერთაშორისო დახმარების პაკეტები ეროვნული ავიაციისთვის გარკვეული თანხები იქნება გათვალისწინებული. 

ავიაბილეთების ფასზე მინდა გკითხოთ. პანდემიის შემდეგ, ანუ 1-ელი ივლისიდან მგზავრებს ელოდება თუ არა გაზრდილი ტარიფები

– ავიაკომპანიის ხარჯი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ხარჯებისგან შედგება, ისახება ბილეთის ფასი. თუ თვითმფრინავის 100%-იანი დატვირთვაა, ბილეთის ხარჯიდან 5%-ი ზედნადები არის ჩვენი შემოსავალი. თუ ბილეთების რეალიზაცია 100%-ს არ შეადგენს, მაშინ ეს 5%-ი შესაძლოა შეიცვალოს 3%-ით, 2%-ით ან 1%-ით. თუმცა მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, ჩვენ ამ რეისს მაინც შევასრულებთ. 

ამით იმის თქმა მინდა, რომ ხარჯის გაზრდის პარალელურად მოსალოდნელია ბილეთის ფასის ზრდაც.

სწორედ ამიტომ, რომ არ გავზარდოთ ბილეთის ფასი და საქართველოს მოქალაქეებისათვის განსაკუთრებით შეღავათიანი ფასები გვქონდეს, ამ მიზნით უკვე თითქმის 1.5 წლის წინ, Georgian Airways-ის გენერალურ დირექტორად დანიშვნის პირველივე დღიდან ვცდილობ დავარწმუნო მთავრობა – მოხდეს ჩვენი, ეროვნული ავიახაზების, Georgian Airways-ის ცალკეული ხარჯების თანადაფინანსება, იგივე პრინციპით როგორც ხდებოდა ჩვენი კონკურენტების, უცხო ქვეყნის ავიახაზების თანადაფინანსება ათობით მილიონი დოლარით, საქართველოში ტურისტების ჩამოყვანის და საქართველოს მოქალაქეების საავიაციო ტრანსპორტირება მაქსიმალურად შეღავათიან ფასებში.

დღეს ჩვენ დავუმტკიცეთ ერსაც და ბერსაც, რომ ვართ ეროვნული ფლაგმანი. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ დასრულდება საქართველოს მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის ავიაკომპანიების თანადაფინანსება სახელმწიფო სახსრებიდან და ეს რესურსები ეროვნული ავიაფლაგმანის Georgian Airways-ის განვითარების თანადაფინანსებას მოხმარდება, რითაც ჩვენ საშუალება მოგვეცემა საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო ფრენები მაქსიმალურად შეღავათიან ფასებში შევთავაზოთ.