COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდგომ განსახორციელებელი გაიდლაინები შეიმუშავა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. აღნიშნული რეკომენდაციები განკუთვნილია როგორც აეროპორტებისათვის, ასევე საჰაერო ტრანსპორტისთვის.

საჰაერო ტრანსპორტში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციის  მიზნით გასატარებელი ღონისძიებები!

ზოგადი რეკომენდაციები:

შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა აღწერდეს ვირუსის საეჭვო შემთხვევისას რეაგირების ღონისძიებებს;

უზრუნველყავით მუდმივი კავშირი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ  სამსახურებთან; o გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებში უზრუნველყავით ნაკადის კონტროლი და უსაფრთხო დისტანციის მარკირება:

•       მგზავრთა რეგისტრაციის სივრცეებში;

•       საავიაციო უსაფრთხოების შემოწმების ადგილებში;

•       სასაზღვრო -საპასპორტო კონტროლის ადგილებში;

•       მოსასვენებელი სივრცეებში;

•       ჩასხდომის დარბაზში, სამგზავრო ხიდებში და ავტობუსებში, როდესაც ჩასხდომა არ ხორციელდება ხიდის მეშვეობით;

•       ტერმინალის შემოსასვლელსა და გასასვლელში;

•       საინფორმაციო სამსახურის ზონებში; 

•       სალაროების ზონებში;

•       მაღაზიების გარეთ და შიგნით;

•       ბანკების ზონებში;

•       ბარგის შეფუთვის ადგილებში;

•       სამედიცინო პუნქტებში;

•       აფთიაქის ზონებში;

•       კაფე რესტორნების ზონებში; განსაზღვრეთ  გამცილებლების/ დამხვედრების თავშეყრის ადგილები და ზონები შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით (პარკინგი, ტერმინალის გარე ტერიტორია).

მოთხოვნები გამგზავრებისას ტერმინალში:

ადამიანთა თავშეყრის თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყავით ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის მოწყობა;

ტერმინალში უზრუნველყავით მხოლოდ მგზავრების, შშმ პირებისა და ბავშვების გამცილებლების/მომსახურე პერსონალის დაშვება, ან უზრუნველყავით ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ბარგის შეფუთვა, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;

შესასვლელთან, უზრუნველყავით ვიდეოსკრინინგი ან/და თერმოსკრინინგი დაკალიბრებული ხელსაწყოს მეშვეობით, რათა სამუშაოს დაწყების წინ/გამგზავრების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების (37.5 გრადუსი და მეტი) დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

ვირუსზე საეჭვო ან სავარაუდო პირთა იზოლირებისთვის უზრუნველყავით სპეციალური ოთახ(ებ)ის გამოყოფა;

საზოგადოებრივ ჯანდაცვის ეროვნულ ორგანოებთან კოორდინაციით, უნდა დანიშნონ შესაბამისი პირები ჯანმრთელობის  მდგომარეობის შესაფასებლად (რესპირატორული სიმპტომების გამორიცხვის მიზნით), რომელებიც უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ  სათანადო სწავლებით;

თვალსაჩინო ადგილას  განათავსეთ განცხადებები (რამდენიმე ენაზე)  COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

რეგურალურად უზრუნველყავით პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების გაკეთება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

უზრუნველყავით ხშირად გამოყენებული ზედაპირების (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ) დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით ყოველ 2საათში ერთხელ;  

მგზავრებს შორის (გარდა ოჯახის წევრებისა) უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანცია (არა უმცირეს 1.5 მეტრი), განსაკუთრებით, რეგისტრაციის, საავიაციო უშიშროების შემოწმების, საზღვრის კვეთის, თვითმფრინავში ჩასხდომის და მოცდის (მოსასვენებელი ადგილები) პროცესში;

მგზავრები/მომსახურე პერსონალი  დაუშვით  მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი);

მგზავრთა პასპორტისა და ბარგის  შესამოწმებელი ადგილები აღჭურვეთ კოლექტიური დაცვის საშუალებებით – დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;

მომსახურე პერსონალი აღჭურვეთ შესაბამისად ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით:

• ნიღაბი (4 საათიანი ინტერვალით);

• სათვალე/დამცავი ფარი;

• ხელთათმანი.

მგზავრების მომსახურების არეებში უზრუნველყავით სადეზინფექციო საშუალებების 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარის განთავსების შესაძლებლობით;

მგზავრის მომსახურების არეები  დაამუშავეთ სადეზინფექციო საშუალებებით რეგულარულად;  უზრუნველყავით დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. იმ შემთხევაში, თუ ვერ ხერხდება ბუნებრივი ვენტილაცია, გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი (ფილტრების დაბინძურების მონიტორინგის ჩათვლით) ვენტილაციის გამართულ მუშაობაზე;  

უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლით გახსნის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;

უზრუნველყავით ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   № 01-123/ო  ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ N6 დანართის შესაბამისად;

მაქსიმალურად შეამცირეთ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შესაძლებლობა ან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას ადგილზე უზრუნველყავით სადეზინფექციო 60-70%-იანი ხსნარის განთავსება.

მოთხოვნები საჰაერო ხომალდზე ყოფნისას:

უზრუნველყავით მგზავრების იმგვარი განლაგება, რომ  შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო  დისტანცია;

მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან დამცავი ნიღბების გარეშე;

განათავსეთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები (რამდენიმე ენაზე) საჰაერო ხომალდის სალონში  ან/და აუდიო/ვიდეო სისტემის მეშვეობით უზრუნველყავითი მგზავრთა ინფორმირება; 

ეკიპაჟის წევრები აღჭურვეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). უნიფორმა ყოველდღიურად შეცვალეთ და იქ, სადაც უნიფორმა არ  იცვლება  ყოველდღიურად, ალტერნატივად გამოიყენეთ ერთჯერადი დამცავი ხალათები;

ბორტგამცილებლებს ჩაუტარეთ სწავლება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენებისა და გამოყენების შემდგომ  სწორად  განკარგვის წესების შესახებ;  

წევრებს ჩაუტარეთ შესაბამისი სწავლება პანდემიის დროს საჰაერო ხომალდის სალონში მგზავრების მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებით;

ეკიპაჟის წევრები გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ მინიმალური კონტაქტი ჰქონდეთ მგზავრებთან; o მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;

მაქსიმალურად შეამცირეთ ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის  გამოყენების შესაძლებლობა;

საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის  მიწოდების რეჟიმში. 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ  მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ  წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების, მიწოდების სერვისი;

მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა;

ბორტზე აკრძალეთ პროდუქტის გაყიდვა;

ავიაკომპანიებმა, აეროპორტის ოპერატორებთან და დანიშნულების ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან კოორდინაციით, უნდა უზრუნველყონ, მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება. აღნიშნული ბარათი განკუთვნილია  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისთვის, იგი ივსება გარკვევით, უმჯობესია ელექტრონული ფორმატით შევსება, რომელიც იძლევა ინფორმაციის გარკვევით წაკითხვის  საშუალებას (მაგ. QR კოდი, მობილური, აპი და ა.შ.), ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კონტაქტების მოძიებისა და მიდევნების საშუალებას მგზავრებს შორის COVID-19 – ით ინფიცირების შემთხვევისათვის;

მგზავრები გააფრთხილეთ,  დასხდნენ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ   ადგილებზე; o დაუშვებელია მგზავრის ადგილის შეცვლა საკუთარი ნებით, ბორტგამცილებელის ნებართვის გარეშე;

სათანადო ადგილას განათავსეთ  ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;

უზრუნველყავით, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის  საჭირო 60-70% ალკოჰოლის შემცველი   ხსნარების განთავსება;

იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აფრენის შემდეგ აღმოაჩნდება COVID-19–ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მუდმივი ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან სხვა რესპირატორული სიმპტომი, უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი ზომები:

•       დაუკავშირდით აეროპორტის ან ეროვნული ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს და იმოქმედოთ მითითებების შესაბამისად;

•       ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს სწორად ჰქონდეს სახის ნიღაბი მორგებული და შეცვლის საჭიროების შემთხვევაში მოამარაგოს იგი დამატებითი ნიღბებით;

•       იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბი ხველების ან დაცემინების შემდეგ სველდება, უნდა მიეთითოს მგზავრს მისი გამოცვლის აუცილებლობაზე;

•       იმ შემთხვევაში, როცა სუნთქვის გაძნელების გამო მგზავრი ნიღაბს ვერ იჩერებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს  ერთჯერადი ცხვირსახოცებით და მიეთითოს, რომ ხველების ან ცემინების დროს გამოიყენოს ისინი პირისა და ცხვირის დასაფარად;

•       იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს სუნთქვა უჭირს, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამედიცინო დახმარება დამატებითი ჟანგბადის მიწოდების მიზნით; 

•       უნდა განისაზღვროს ინფექციაზე საეჭვო მგზავრებისთვის იზოლაციის ადგილი (მაგალითად,  გამოტოვოს ორი (2) რიგი სავარძლებისა); 

•       ყველა სხვა ფაქტორისა და თვითმფრინავის საჰაერო მიმოქცევის სისტემის გათვალისწინებით, ინფექციაზე საეჭვო მგზავრი უნდა მოთავსდეს წინა მარჯვენა ფანჯარასთან სავარძელში;

•       ისარგებლოს სპეციალურად  მათთვის განკუთვნილი  საპირფარეშოთი. აღნიშნული არ უნდა იყოს გამოყენებული დანარჩენი მგზავრების ან ეკიპაჟის მიერ;

•       ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალსა და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდეს ტესტირება და გადავიდეს იზოლაციაში. შემდგომი ქმედება განხორციელდეს  ტესტის პასუხის შესაბამისად;

ყოველი რეისის შემდეგ  მოახდინეთ საჰაერო ხომალდის სველი  წესით დასუფთავება/დეზინფიცირება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   № 01-123/ო  ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად. 

მოთხოვნები ტერმინალისადმი მოფრენისას: 

საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას უზრუნველყოფილ უნდა იყოს მგზავრთა თერმული სკრინინგი (სიცხის გაზომვა). იმ შემთხვევაში თუ მგზავრს დაუფიქსირდა სიცხე, მისი მომსახურება/ გადაყვანა განახორციელეთ არსებული პროტოკოლის დაცვით;

მგზავრებს შორის უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის (არანაკლებ 1.5 მეტრი) დაცვა.

განსაკუთრებით, თერმული სკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების პროცესში;

მგზავრების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ნიღბით;

მომსახურე პერსონალი აღჭურვეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი, საჭიროების შემთხვევაში  სათვალე/დამცავი ფარი);

ეკიპაჟის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის და ბავშვიანი მგზავრებისთვის უზრუნველყავით  ცალკე კორიდორი;

ტერმინალში უზრუნველყავით მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის დაშვება მხოლოდ ნიღბებით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომზადება:

უზრუნველყავით ეკიპაჟების სწავლება პანდემიის დროს მგზავრების მომსახურების უსაფრთხო პროცედურებთან დაკავშირებით;

მოაწყვეთ  დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან;

მძღოლები აღჭურვეთ ნიღბებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანებით; o გააფრთხილეთ მგზავრები, დახურულ სივრცეებში ატარონ ნიღაბი; 

რეგულარულად დაასუფთავეთ მძღოლის კაბინა და ავტობუსის სამგზავრო სალონი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ყოველდღიურად,  დღეში რამდენჯერმე ყოველი რეისის მომსახურების შემდეგ); 

დასუფთავებისას, განსაკუთრებული ყურადღებით  დაამუშავეთ კარის შიდა და გარე სახელურები, საჭე და სასიგნალო მოწყობილობების დაფა;

სატრანსპორტო საშუალების სალონის დასუფთავებისას დაამუშავეთ სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლაური (ხელის დასასვენებელი ადგილი);

რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი;

ყოველი მარშუტის დასრულების შემდეგ განახორციელეთ ავტობუსების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   № 01-123/ო  ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ N6 დანართის შესაბამისად.

აეროპორტების მომზადება:

ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ:

•       ტერმინალში მგზავრთა მომსახურების სივრცეების მარკირება, აგრეთვე, მოსასვენებელი სავარძლების ნაწილის ანულირება სათანადო დისტანციის დაცვის მიზნით;

•       მგზავრთა თერმული სკრინინგი გამგზავრებამდე (სიცხის გაზომვა);

•       პერსონალის უზრუნველყოფა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

•       სივრცეების რეგულარული დასუფთავება სველი წესითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

•       ხელის ანტისეპტიკური საშუალებების- სანიტაიზერების ხელმისაწვდომობა;

•       მგზავრთა რიგების მართვა სათანადო დისტანციის დაცვის მიზნით;

•       ავტობუსების დასუფთავება/დეზინფექცია;

•       მგზავრების ინფორმირება მოქმედი ნორმების თაობაზე (ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ) ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

•       COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ ბანერებისა და თვალსაჩინოებების  განთავსება ტერმინალში;

სივრცეების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციების შესაბამისად. 

შენიშვნა: შემოთავაზებული რეკომენდაციები რეგულარულად შეფასდება და განახლდება, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.