საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას სააგენტოს ხელმძღვანელი, გივი დავითაშვილი თავმჯდომარეობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საჰაერო სივრცის სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის აქტუალურ საკითხებზე და უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. სხდომის მონაწილეებმა საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასეს და მოქმედ საკვანძო-სამეთვალყურეო რაიონებთან მიმართებაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ განსახილველ საკითხს საქართველოს საჰაერო სივრცეში პარაპლანების ოპერირება წარმოადგენდა. საუბარი შეეხო საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებას, რაც სხვა საკითხებთან ერთად სპეციალური დანიშნულების საჰაერო სივრცის არეებისთვის დადგენილი სპეციალური მოთხოვნების და შეზღუდვების დაცვას მოიცავს.
შეხვედრაზე მოისმინეს საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი მოხსენება საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიული კოორდინატების ფარგლებში პარაგლაიდინგის განხორციელების არსებული პრაქტიკის, შესაძლებლობების და შესაძლო რისკების თაობაზე. კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კოორდინირებულ მუშაობას სივრცის ოპტიმალური დაგეგმარების, სამოქალაქო, სახელმწიფო და სამხედრო მიზნებიდან გამომდინარე თანაბრად გადანაწილების და სარგებლობის მიზნით და ამ პროცესში გაითვალისწინებენ პარაგლაიდინგის სექტორის მოთხოვნებს რისკების დეტალური და ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც საჰაერო სივრცის დადგენის პროცესში უსაფრთხოებაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელებას ითვალიწინებს. სხდომის წევრებმა დააფიქსირეს მოსაზრებები საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილად სარგებლობის წესის ირგვლივ. შეხვედრაზე, სააგენტომ მოწვეულ სტუმრებს გააცნო სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო უწყებასა და EUROCONTROL-ს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში ევროკონტროლის ადგილობრივი და რეგიონალური საჰაერო სივრცის ორგანიზების დამხმარე სისტემის (LARA) დანერგვის პერსპექტივას. პროგრამული პაკეტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საჰაერო სივრცის მართვის და სამოქალაქო-სამხედრო ავიაციის ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტი საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის შესახებ მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. კომიტეტი ევროკონტროლის საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სპეციფიკაციით (EUROCONTROL Specification for the application of the Flexible Use of Airspace − FUA) ხელმძღვანელობს და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საჰაერო სივრცის სტრატეგიულ მართვას უზრუნველყოფს. საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფციის დანერგვა საქართველომ 2018 წელს, შესაბამისი ევროკავშირის რეგულაციების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული კონცეფციის მიხედვით, საჰაერო სივრცის ორგანიზება ხდება სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ავიაციის მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის მჭიდრო კოორდინაციით სტრატეგიულ, პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე და მისი მიზანია საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის უზრუნველყოფა სივრცის ოპტიმალური დაგეგმარების, თანაბრად განაწილებისა და სარგებლობის გზით.