საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და მეტეოროლოგიური მომსახურების ინსპექტორი ნინო გელოვანი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საავიაციო სისტემების დაგეგმარების ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში შექმნილი მეტეოროლოგიური ჯგუფის (METG) ვიცე-თავჯდომარედ აირჩიეს. არჩევნები მეტ-ჯგუფის რიგით 32-ე შეხვედრის ფარგებში, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ICAO-ს პარიზის ბიუროში შედგა. დახურული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით METG-ის თავჯდომარის მოადგილეებად არჩეულ იქნენ საქართველოს (GCAA) და შვეიცარიის (METEO SWISS) მიერ წარდგენილი კანდიდატები.
მეტეოროლოგიური ჯგუფის (METG) მიზანია სააერნაოსნო მეტეოროლოგიის მიმართულებით ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო სისტემების დაგეგმარების ჯგუფის ამოცანების შესრულება და ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერა. ჯგუფი მუშაობს მეტეოროლოგიური სიახლეების დანერგვაზე ისეთ სფეროებში როგორიცაა: გლობალური სააერნაოსნო გეგმის (GANP) საავიაციო ბლოკების სისტემების განახლება (ASBU) და დანერგვა, მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის ახალ ფორმატზე (IWXXM) გადასვლა, კოსმოსური ამინდის ცენტრების მიერ ინფორმაციის გავრცელება, მსოფლიო ზონალური პროგნოზების ცენტრების მიერ განახლებული ინფორმაციის გავრცელება, ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის კოორდინაციის გაღრმავება და სხვა. ასევე, ჯგუფის საქმიანობის დღის წესრიგშია საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესასწავლი გლობალური სისტემების შექმნის საკითხი.
გარდა აღნიშნული მიღწევისა, ნინო გელოვანი ასევე არჩეულ იქნა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) სერტიფიცირების და აუდიტის საექსპერტო ჯგუფის წამყვან აუდიტორად. აღნიშნული ჯგუფის მიზანია WMO-ს გლობალური მასშტაბით არსებული ინტეგრირებული დაკვირვების ცენტრების სერტიფიცირების და ინსპექტირების სახელმძღვანელო მასალების, აუდიტის პროცესების შექმნა, დანერგვა და განხორცილება.