ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განაგრძობს ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის დაახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან.
“საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესი” შემუშავებულია ევროკავშირის (EU) No1321/2014 რეგულაციის მე-3 დანართით (PART-66) გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და მისი მიზანია არსებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, საჰაერო ხომალდების და მათი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებაში ჩართული სპეციალისტებისათვის სწავლების, სამუშაო გამოცდილების და საგამოცდო მოთხოვნების ახალი და უფრო სრულყოფილი სტანდარტების დადგენის გზით. წესის მოქმედება ვრცელდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელებზე, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო ხომალდის და მისი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებას. ნორმატიული აქტით, დეტალურად ხდება ტექნიკური მომსახურების ყველა კატეგორიის და ქვეკატეგორიის მოწმობის მაძიებლისთვის ცოდნის დონეების, სასწავლო მოდულების, საგამოცდო მოთხოვნების, თეორიული, პრაქტიკული და სამუშაო ადგილზე სწავლების მოთხოვნების განსაზღვრა. წესი ასევე მოიცავს სააგენტოს მიერ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, შეჩერებასთან, ვადის გაგრძელებასთან, მოწმობის გაუქმებასთან, მოწმობაში კატეგორიის/ქვეკატეგორიის დამატებასთან, საჰაერო ხომალდის ტიპის ოსტატობის აღნიშვნასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და მოქმედი მოწმობების კონვერტაციის პირობებს.
“საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი“ შემუშავებულია ევროკავშირის (EU) No1321/2014 რეგულაციის მე-4 დანართის (PART-147) მოთხოვნების გათვალისწინებით და მისი მიზანია არსებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სწავლების, საგამოცდო მოთხოვნების, შეფასებისა და სასწავლო პროგრამების ახალი და უფრო სრულყოფილი სტანდარტების დადგენის გზით. წესის მოქმედება ვრცელდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის მფლობელებზე, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების მომზადებას. ნორმატიული აქტით, დეტალურად ხდება ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების მატერიალურ ტექნიკურ ბაზასთან, მის პერსონალთან, სასწავლო მასალებთან, სასწავლო პროცედურებთან და ხარისხის სისტემასთან, საბაზო და საჰაერო ხომალდის ტიპზე მომზადებასთან, გამოცდებთან და პრაქტიკული სწავლების შეფასებასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. წესი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს მიერ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, ცვლილების შეტანასთან, სერტიფიკატის შეზღუდვასთან / შეჩერებასთან / გაუქმებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
ახალი რეგულაციები გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: https://gcaa.ge/regulations/gcaa-director-orders/
ნორმატიული აქტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, სააგენტომ ახალი წესების პროექტები გასულ წელს გააცნო შესაბამის ინდუსტრიას. ამასთან, ავიასაწარმოებთან გაიმართა და კვლავ იგეგმება შეხვედრები ახალი მოთხოვნების გაცნობის და კონსულტაციების გაწევის მიზნით.