მსოფლიო ავიაკომპანიები იმედოვნებენ, რომ საჰაერო გადაზიდვებზე პოზიტიური დინამიკა წელსაც გაგრძელდება და საავიაციო ნავთის გაძვირების მიუხედავად, რომელიც ავიაბილეთების ფასზე ავტომატურად აისახება, მგზავრთა რაოდენობა არ შემცირდება

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA) აცხადებენ, რომ სახეზეა საკმაოდ პოზიტიურ ტენდენცია, რომელიც ვითარდება ევროპაში: როგორც ირკვევა ენეგომატარებლების ფასის ზრდის გამო გაძვირებული ავიაბილეთები კლიენტებს არ აშინებთ

“მე არ ვფიქრობ, რომ ამ ზაფხულს 2019 წლის დონეს დავუბრუნდებით, მაგრამ ნამდვილად სწორი მიმართულებით მივდივართ”, – განაცხადა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა.

უოლშმა აღიარა, რომ საწვავის ფასების ზრდა ძლიერ გავლენას მოახდენს ავიაკომპანიების ხარჯებზე და, შესაბამისად, ტარიფებზე. მან გაიხსენა, რომ ფასის მორიგ მატებამდეც უკვე იწინასწარმეტყველა, რომ გლობალური ინდუსტრია 2022 წლის მაჩვენებლებით მინუსებში გავა.

IATA-ს საავიაციო ნავთის ფასების მონიტორინგის მიხედვით, 1-ლი აპრილის მდგომარეობით, ერთი ბარელი ნავთი 158 დოლარი ღირდა, რაც 11,5%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით და 137,3%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ თარიღთან შედარებით.

IATA-ს მთავარმა ეკონომისტმა მარი ოუენს ტომსენმა აღნიშნა, რომ მგზავრები ახლა ჩვეულებრივზე ნაკლებ მგრძნობელობას იჩენენ ფასების ზრდის მიმართ. ეს, ალბათ, ორწლიანი კარანტინის შემდეგ მოგზაურობის ძლიერი სურვილით არის განპირობებული.

IATA-ს 2022 წლის თებერვლის საოპერაციო ანგარიში აჩვენებს, რომ ინდუსტრიის აღდგენა პანდემიამდელ მაჩვენებლამდე სულ უფრო და უფრო მატულობს. მთლიანი მგზავრთნაკადი გასული წლის თებერვალთან შედარებით 115,9%-ით გაიზარდა, ტვირთბრუნვა – 2,9%-ით.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას და იქ წარმოებულ საომარ მოქმედებებს ჯერ არ მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა ჯავშნების დინამიკაზე.

”ინდუსტრიის განვითარების განმსაზღვრელი დომინანტური ფაქტორი რჩება COVID-19 და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები”, – თქვა ტომსენმა.