18 ივნისს, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველო საბჭოს ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წევრმა სახელმწიფოებმა და წამყვანმა საავიაციო ორგანიზაციებმა (ICAO, EASA, IATA და სხვა) რეგიონში საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივ აღდგენასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები და ოპერირების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისათვის აუცილებელი ღონისძიებები განიხილეს. საქართველოს სახელით სხდომაში მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, რომელიც ამავე დროს არის EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს და „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლები.

სხდომის ფარგლებში, მხარეებმა EUROCONTROL-ის მიერ შემუშავებული აღდგენის გეგმა (EUROCONTROL Network Manager Network Operations Recovery Plan 2020) განიხილეს, რომელიც სააერნაოსნო მომსახურების სფეროს კრიზისიდან გამოსვლისათვის აუცილებელ ღონისძიებებს ეხება. ხაზი გაესვა ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნების საკითხს, ასევე ფრენების უსაფრთხოების და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებული პერსონალის მწყობრში ეტაპობრივად შეყვანის და აუცილებლობის შემთხვევაში გადამზადების აუცილებლობას.

შეხვედრაზე მონაწილეებმა საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებული დინამიკა და საპროგნოზო მაჩვენებლებიც განიხილეს. EUROCONTROL-ის აპრილ-მაისის მონაცემებით, ევროპის რეგიონში საჰაერო მოძრაობის ნაკადები 87.4%-ით, ხოლო საქართველოდან შესრულებული ფრენების რაოდენობა 75%-ით შემცირდა. ორგანიზაციის პროგნოზით, ივნისის ბოლოსთვის, რეგიონში ფრენების რაოდენობა დღეში ათი ათასამდე გაიზრდება, ივლისის შუა რიცხვებისთვის/ან ბოლოსთვის ფრენების რაოდენობა დღეში 15 ათასს გადააჭარბებს. საჰაერო მიმოსვლის ნაკადების სრულ აღდგენას და COVID 19-მდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნებას ორგანიზაციაში 2022 წელს ვარაუდობენ.