სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) პროექტის ფარგლებში გაიმართა. სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა გახსნა.
სამდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, EUROCONTROL-ის ექსპერტმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების კონცეფცია, მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მოთხოვნები. ყურადღება გამახვილდა შეფასების დანერგვის ეტაპებზე, საჭირო ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და მახასიათებლებზე.
ამასთან, შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რაც თან ახლავს ახალ შეფასების სისტემაზე გადასვლას. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა ევროპული სტანდარტის დანერგვის პერიოდში სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ ცვლილებების მართვის პროცესის განახლების და ტექნიკური საშუალებების აღიარების პროცედურული გამარტივების საკითხებზე.
სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების ევროპული მოთხოვნების დანერგვაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მუშაობა უკვე დაიწყო. ახალი სტანდარტების ეროვნულ კანონმდებლობაში ჰარმონიზაციის მიზანია – სააერნაოსნო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების და მათი შემადგენელი ელემენტების შესაბამისობის შეფასების, სერტიფიცირების, დეკლარირების და მწარმოებელი ორგანიზაციების დამტკიცების ერთიანი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება. აღნიშნული ხელს შეუწყობს სააერნაოსნო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ოპერირების ქმედუნარიანობას, საიმედოობას, უწყვეტობასა და მთლიანობას.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს მოწვევით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოსა და სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებისა და აეროპორტების წარმომადგენლებმა












