თურქეთის ეგეოსის რეგიონი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ევროპაში, რომელსაც ტურისტები ყოველწლიურად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნიდან. იგი გამორჩეულია საინტერესო ადგილებით, ულამაზესი ხედებითა და ადგილობრივი სამზარეულოთი, რომელიც ზღვისა და სხვადასხვა სახის მცენარეული კერძისგან შედგება. აქაურ სუფრაზე მრავლად დაგხვდებათ ადგილობრივი მცენარეები და მათგან დამზადებული უგემრიელესი კერძები.
აღსანიშნავია, რომ ეგეოსის მცენარეები გამოირჩევიან სამკურნალო თვისებებით და მათში არის ვიტამინებისა და მინერალების მაღალი კონცენტრაცია, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მეტად სასრგებლოა. ასპარაგუსი, ლობიო, ცერეცო, გოგრის ყვავილი, რუკოლა, ჭინჭარი, ჰიბისკუსი… ეს იმ მცენარეთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ეგეოსის ზღვის რეგიონში იზრდება.
ცნობილია სამკურნალო მცენარე კრავის ყური, რომელსაც მჟავე არომატი გააჩნია. იგი ფართოდ გამოიყენება სალათებში, სუპებსა და ნამცხვრებში. „კრავის ყური“ კი იმიტომ ჰქვია, რომ მისი ფორმა საკმაოდ ჰგავს ცხვრის ყურის ფორმას.
აღსანიშნავია შევქეთი (Shevket-i Bostan), რომელიც არის თეთრი ფერის, ფოთლებიანი და ეკლებიანი მცენარე. მას ტრადიციულად ცხვრის ხორცთან ერთად მიირთმევენ ან შესაძლებელია ზეითუნის ზეთში შემწვარიც დაგხვდეთ. ამბობენ, რომ მცენარის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან “şevket”, რაც არაბულად “ეკალს” ნიშნავს. თურქულად კი იგი ითარგმნება, როგორც “ბაღის ეკალი”.
ზღვის ლობიო ( Deniz Börülcesi ) – იგი უხვად იზრდება ეგეოსის ზღვაში. ზღვის ლობიოს გასინჯვისას პირში დაგრჩებათ მარილიანი და მჟავე გემოს შეგრძნება. აღსანიშნავია, რომ იგი იზრდება ზღვაში და სწორედ ამიტომ ჰქვია ზღვის ლობიო. მას სალათის სახით მიირთმევენ.
ცერეცო (Rezene) – იგი არის ერთწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. მას აქვს სწორმდგომი ღერო და დანაწევრებული და განტოტვილი, მწვანე ან მოყვითალო ფოთლები. მცენარე ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველი ხალხებისათვის, როგორც სამკურნალო და სანელებელი მცენარე. ცერეცო ძლიერ არომატულია. მას იყენებენ სალათაზე დასაჭრელად და ასევე მიირთმევენ მოხარშულ კვერცხთან ერთადაც. როგორც ამბობენ, ცერეცოს ხმელი ფოთლებით მიღებული ჩაი კარგად არჩენს ხველებას.
ჩაყრილი ყაბაყის ყვავილებიც არის ეგეოსის ერთ-ერთი უნიკალური თურქული კერძი, რომელიც სუფრაზე ყოველთვის დაგხვდებათ. ნარინჯისფერ-ყვითელი ყაბაყის ყვავილები მდიდარია A, C და B ვიტამინებით. აქვე აღსანიშნავია ყაბაყის ყვავილის ტოლმაც, რომელსაც ძირითადად ყველით, ან ბრინჯით ავსებენ და შემდგომ წვავენ.
ჭინჭარი – ეს მცენარე შეხებისას იწვევს კანზე გაღიზიანებას, ქავილს და წვის შეგრძნებას. იგი გამოიყენება ნამცხვრებსა და სუპებში.
მელოუ (Mallow)არის გაზაფხულის მცენარე, რომელიც ბუნებრივად იზრდება ეგეოსის რეგიონში. მელოუს, რომელსაც ძველი ბერძნები და რომაელები საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ, ამჟამად წვავენ და ისე მიირთმევენ.
აღსანიშნავია ჰიბისკუსი და მისი ჩაი, რომელიც შეიცავს C ვიტამინს და გამოიყენება გაციების სამკურნალოდ.
საბოლოოდ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ეგეოსის ზღვის სანაპიროებს, რათა დატკბეთ იქ არსებული ულამაზესი ხედებითა და დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები.