ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება. 2011 წელთან შედარებით ტურისტული ვიზიტები საქართველოში 177%-ით გაიზარდა და 2019 წელს 5,080,478 შეადგინა. ტურისტების მნიშვნელოვანი ზრდა შემოსავლებზეც აისახა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 3.3 მლრდ. დოლარი შეადგინა. ტურიზმის მნიშვნელოვანმა ზრდამ მოსახლეობაში დადებითი მოლოდინი გააჩინა, რაც დამატებით ინვესტიციებში გამოიხატა, განსაკუთრებით განთავსების საშუალებებში. 2021-23 წლებისთვის 390-ზე მეტი განთავსების საშუალება დაიგეგმა, 18,400-ზე მეტი ოთახითა და 36,900-ზე მეტი საწოლ ადგილით. სამწუხაროდ მოლოდინი რეალობად არ იქცა COVID-19-ის პანდემიის გამო, რომელმაც მსოფლიო ტურიზმზე კატასტროფული გავლენა მოახდინა და არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი. 2019 წელთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 79%-ით შემცირდა, რითაც 2011 წლამდე არსებულ მონაცემს გაუტოლდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები კი წინასწარი შეფასებით -83%-ით შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.7 მლრდ. დოლარიანი კლებაა, რითაც 2010 წლის მონაცემს დაუბრუნდა. სამწუხაროდ ეს მონაცემები COVID-19-ის გავლენის მხოლოდ ზოგადი მონახაზია და დანაკარგები ბევრად უფრო დიდია. 2020 წელს COVID-19-ით გამოწვეული რეალური ეფექტების ტურიზმის ინდუსტრიაზე შესაფასებლად უფრო სიღრმისეული ანალიზია საჭირო, რომელსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ.  

რა გავლენა იქონია COVID-19-მა მოგზაურთა სხვადასხვა ტიპზე?

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რამდენიმე ტიპის განსაზღვრება არსებობს, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული. სამწუხაროდ ამ სფეროში გაუთვითცნობიერებული ადამიანი ყველა კატეგორიას ტურისტად მოიხსენიებს, რაც ხშირად დაბნეულობას იწვევს. ყველაზე ფართო ცნება საერთაშორისო მოგზაურია, რომელიც საქართველოში ყველა უცხოელ რეზიდენტს მოიცავს მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც. ყველა საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი ტურისტული მიზნით არ ხორციელდება, ამიტომ ქვეყანაში ტურიზმის გასაზომად ამ ინდიკატორის ორ ნაწილად გაყოფაა საჭირო:საერთაშორისო ვიზიტებად და სხვა მოგზაურებად (ტურიზმს არ მიეკუთვნება) საერთაშორისო მოგზაურობიდან სხვა მოგზაურების გამოსაცალკევებლად შემუშავებულია ჩვეული გარემოს ცნება. ჩვეული გარემო არის ტერიტორია, სადაც მოგზაური ეწევა რუტინულ ჩვეულ ცხოვრებას, შესაბამისად ამ ფარგლებში ის ტურისტული აქტივობით ვერ დაკავდება. ამ კატეგორიის იდენტიფიკაციისთვის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ რამდენიმე მეთოდია შემოთავაზებული. საქართველო იყენებს მეთოდს, რომელიც დაფუძნებულია ვიზიტის სიხშირიზე. ამ მეთოდის გამოყენებით ჩვეულ გარემოში ითვლება ის ვიზიტები, რომელიც თვეში 8 ან 8-ზე მეტჯერ ხორციელდება. ამ კატეგორიას ასევე ემატება 15 წელზე უფრო ნაკლები ასაკის მოგზაურები, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებით ვიზიტორებს არ მიეკუთვნებიან. საერთაშორისო ვიზიტორები მოგზაურების ის ნაწილია, რომელიც ტურიზმში არიან ჩართულები, ამიტომ ვიზიტორები ტურიზმის სტატისტიკის მთლიანი სისტემის მთავარ კონცეფციად ითვლებიან. საერთაშორისო ვიზიტორები თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფიან, ტურისტებად (ვიზიტორები ღამისთევით) და ექსკურსანტებად (ერთ-დღიანი ვიზიტორი)  (სურათი 1).

რა მოცულობის შემოსავალი დააკლდა ტურიზმს? საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავალი VS საერთაშორისო ტურისტული დანახარჯი

შესაძლებელია ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ვიზიტორების დანახარჯებისგან განსხვავდება. განსხვავება ზემოთ აღწერილ მეთოდოლოგიურ განსხვავებაშია[1]. ეროვნული ბანკის მიერ დაანგარიშებული შემოსავალი ეყრდნობა მოგზაურების კონცეფციას, რადგან საგადასახდელო ბალანსის მიზნებისთვის მათთვის საინტერესოა არარეზიდენტების მიერ მთლიანად დახარჯული თანხა. საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები, რომლის დაანგარიშებაც საქსტატის მიერ ხდება, ვიზიტორების კონცეფციაზეა დაფუძნებული, რადგან მათ ინტერესს ტურისტული აქტივობებით დაკავებული ვიზიტორების დანახარჯები წარმოადგენს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავალმა 542 მლნ შეადგინა, კლება კი 83%-ი იყო. საერთაშორისო ვიზიტორებში დანახარჯებში კლების გამოთვლა 2020 წელს შეუძლებელია, რადგან COVID-19-ის გამო კვლევა პირველი კვარტლის შემდეგ შეწყდა. ეროვნული ბანკის მონაცემები ხელმისაწვდომია, რადგან მათი შეფასება დაფუძნებულია ადრეულ კვლევებზე. ამიტომ ამ ნაშრომში გარკვეულწილად მათ მონაცემებსაც დავეყრდნობით. ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ არა მარტო საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები, არამედ შიდა ვიზიტორებისაც. ამ ორი მაჩვენებლის ჯამი საშინაო ტურისტული დანახარჯებია. COVID-ის მთლიანი ეფექტის შესაფასებლად საშინაო ტურისტული დანახარჯის გამოყენებას მნიშვნელოვანი შედეგების მოცემა შეუძლია, რასაც მომავალ ნაწილებში დავინახავთ.

[1] სხვა განსხვავებები მოცემულია „ტურიზმის სტატისტიკის საერთაშორისო რეკომენდაციები 2008“ პარაგრაფი 8.13, 8.14.

ტურიზმის რომელ სექტორებზე მოახდინა ყველა დიდი გავლენა COVID-19-მა? რა მოცულობით შეუძლია შიდა ტურიზმს საერთაშორისო ტურიზმის ჩანაცვლება?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოვიყენოთ 2019 წლის საქსტატის საერთაშორისო და შიდა ვიზიტორების დანახარჯები. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 8.5 მლრდ ლარს მიაღწია. დანახარჯების ყველაზე დიდი წილი საკვებსა/სასმელზე (მთლიანი ხარჯების 27.5%) და განთავსების საშუალებებზე (მთლიანი ხარჯების 23.7%) დაფიქსირდა. განსხვავებული სურათი აღინიშნება შიდა ტურიზმის შემთხვევაში, სადაც შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ჯამურმა მაჩვენებელმა 1.8 მლრდ ლარი შეადგინა. დანახარჯების უდიდესი წილი აქ შოპინგზე[1] (მთლიანი ხარჯების 33.1%), საკვებსა და სასმელზე კი მთლიანი ხარჯების 24.5% მოდის. (გრაფიკი 1).

[1] შოპინგი განიმარტება შემდეგი სახით სამომხმარებლო საქონლის ყიდვა პირადი მოხმარებისთვის ან საჩუქრად, გარდა შემდგომი გაყიდვის მიზნით.

ტურიზმის მთლიანი კონტრიბუციის სანახავად დავაჯამოთ ზემოთ მოცემული მაჩვენებლები. მთლიანი საშინაო დანახარჯი 10.3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტი საკვებსა და სასმელზე 27%, შოპინგზე 23.3% და განთავსების საშუალებებზე 20,3% იხარჯება. (გრაფიკი 2).

ჩვენი ნაშრომის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია საშინაო ტურიზმის გაანლიზება მასში შიდა ტურისტული დანახარჯების წილის მიხედვით. საშინაო ტურიზმში შიდა ტურისტული დანახარჯის წილი 18% შეადგენს. ყველაზე მსხვილ კატეგორიებში კი მისი წილი შემდეგია საკვები და სასმელი 16.1%, შოპინგი 25.1% და განთავსების საშუალებები 3.9%. (გრაფიკი 3).

​მთლიან საშინაო დანახარჯებში შიდა ტურიზმის წილის გარდა უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივების დანახარჯებიც. ტურისტული სექტორების გარკვეული ნაწილი საკუთარ სერვისს ადგილობრივებზეც ყიდის. ამის ნათელი მაგალითია რესტორნები, რომლებიც კოვიდის პირობებში მიტანის სერვის სთავაზობს ადგილობრივებს.

ზემოთ მოცემული ანალიზის შემდეგ შეგვიძლია უკვე შეკითხვასაც ვუპასუხოთ. ერთი შეხედვით კოვიდისგან ყველაზე დაზარალებული სექტორი საკვები და სასმელი, შოპინგი და განთავსებაა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ შიდა ტურისტულ დანხარჯების და ადგილობრივების შესაძლო წილს, სურათი იცვლება. საკვები და სასმლის დანახარჯების ჩანაცვლება შიდა ტურისტული და ადგილობრივების დანახარჯებით შესაძლებელია. ანალოგიური სურათია შოპინგის შემთხვევაშიც, სადაც შიდა ტურიზმის წილი მაღალია და ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ ადგილობრივის დანახარჯების დიდი წილიც. სხვა სურათია განთავსების საშუალებების შემთხვევაში, სადაც შიდა ტურიზმის წილი მინიმალურია, ხოლო ადგილობრივს წილი სავარაუდოდ საერთოდ არ აქვთ. უფრო ცხადი სურათის დასანახად საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯების წილის დათვლა ტურისტული ინდუსტრიების გამოშვებაში. ამის შესაძლებლობას ტურიზმის სატელიტური ანგარიშების მე-6 ცხრილი იძლევა. საქართველოში ექსპერიმენტალური ტურიზმის სატელიგური ანგარიშები შემუშავების პროცესშია და სავარაუდოდ 1-4 ცხრილი საქსტატის მიერ მარტში გამოქვეყნდება. რადგან მე-6 ცხრილის მიღება ჯერ გეგმაშიც არ არის შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება ტურიზმზე სრულად დამოკიდებული სექტორების იდენტიფიკაციისთვის. ესენია: საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი, სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები, ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები (გიდები) და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოცემულ მონაცემებში საქსტატის მიერ ტუროპერატორების საშუამავლო მომსახურებაზე დანახარჯები ცალკე კატეგორიად გამოყოფილი არ არის.

ასევე არ არის შეფასებული საერთაშორისო ტრანსპორტის დანახარჯებიც. ეს ორი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება ტურიზმის სატელიტური ანგარიშების წარმოების პროცესში უნდა გამოსწორდეს.

ბოლოს, სრულყოფილი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია არაპირდაპირი ეფექტების გათვალისწინებაც, რაც მულტიპლიკატორის დათვლით არის შესაძლებელი. ამ მხრივაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განთავსების საშუალებებს ყველაზე მეტი შიდაინდუსტრიული კავშირები აქვს და შედეგად მაღალი მულტიპლიკატორი. სხვა სიტყვებით განთავსების საშუალებებს საკუთარი სერვისის მისაწოდებლად ესაჭიროება რესურსი სხვა მიმწოდებლებისგან. ეს რესურსი შესაძლებელია იყოს შამპუნი, თეთრეული, საკვები და ა.შ. განთავსების საშუალების დახურვით შემოსავალი მის მიმწოდებლებსაც აკლდებათ, რაც ანალიზში აუცილებლად გასათვალისწინებელია. მულტიპლიკატორის სიდიდე ასევე დამოკიდებულია იმპორტირებული საქონლის მოცულობაზე. რაც მეტია იმპორტირებული საქონელი მთლიან მიწოდებულ რესურსში მით უფრო ნაკლებია მულტიპლიკატორი, რადგან ფული ქვეყნიდან გაედინება. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით გადინების წილი პატარა კუნძულოვან განვითარებად ქვეყნებში 40%-დან 50% მერყეობს, ხოლო დიდ და უფრო დიფერენცირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 10%-ზე ნაკლებია.  ტურიზმის მეორადი ეფექტები საკმაოდ მოცულობითი თემაა ამიტომ ამ სტატიის ფარგლებში განხილული დაწვრილებით არ იქნება. ტურიზმის მეორადი ეფექტების გასაზომად რამდენიმე მოდელი გამოიყენება, მათ შორის დანახარჯები გამოშვების მოდელი. ამ მოდელის გამოყენებით გაზომილი კოვიდ 19-ის ტურიზმზე ეკონომიკური ეფექტების ანალიზს მოკლე დროში სამეცნიერო ნაშრომის სახით გამოვაქვეყნებ.

რომელი ქვეყნის ვიზიტორები დაგვაკლდა ყველაზე მეტად?

ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად კვლავ ეროვნული ბანკის წინასწარ შეფასებას საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალს დავუბრუნდეთ, რადგან საქსტატის უფრო რელევანტური მაჩვენებელი 2020 წელს ხელმისაწვდომი არ არის. როგორც გრაფიკიდან ჩანს 2019 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავლების ფორმირება თანაბრად არის განაწილებული მეზობელ და არა მეზობელ ქვეყნებს შორის. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის 24%, მას მოსდევს თურქეთი 13%, აზერბაიჯანი 7% და სომხეთი 6%. არამეზობელ ქვეყნებს შორის კი ლიდერობს ევროკავშირი 15% და ისრაელი 7%. (გრაფიკი 4).

2020 წელს საერთაშორისო შემოსავლებში კლების მოცულობაც წილების შესაბამისია. ყველაზე დიდი კლება წინასწარი შეფასებით მეზობელ ქვეყნებს შორის 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან დაფიქსირდა 678 მლნ, მას მოსდევს თურქეთი 334 მლნ-ით. არამეზობელი ქვეყნებიდან ევროკავშირიდან კლება 397 მლნ-ს, ხოლო ისრაელიდან კლება 207 მლნ-ს შეადგენს.

შეჯამება

·         COVID-ის ტურიზმზე ეფექტის შესაფასებლად მნიშვნელოვანია კონცეფციების სწორად გამოყენება. ყველაზე რელევანტური კონცეფცია ამ შემთხვევაში საერთაშორისო ვიზიტორებია, ხოლო დანახარჯების კუთხით საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები. სხვა ინდიკატორების (საერთაშორისო მოგზაურები, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი) გამოყენება მხოლოდ ამ უკანასკნელის არ არსებობის შემთხვევაშია მიზანშეწონილი

·         COVID-ით დაზარალებული სექტორების იდენტიფიკაცია საჭიროა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით. ესენია: მთლიანი საშინაო დანახარჯი, შიდა ტურიზმის წილი საშინაო დანახარჯში, საშინაო ტურიზმის წილი სექტორის მთლიან გამოშვებაში, შიდა ინტერსექტორული კავშირები (მულტიპლიკატორი). ამ კრიტერიუმებით შეფასების შემთხვევაში ყველაზე დაზარალებულ სექტორებად შესაძლებელია შევაფასოთ საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი, სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები, ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები (გიდები) და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები. უფრო ნათელი სურათის შესაქმნელად და მოცემული შეფასების თანხაში გამოსახავად საჭიროა ტურიზმის სატელიტური ანგარიშების ცხრილების წარმოება

·         ქვეყნის შემოსავლების ნახევარი მეზობელი ქვეყნების შემოსავლებით ფორმირდება. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტების პროგნოზი გამართლდა მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორების სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით შემოსავლების ნახევრის აღდგენა საქართველოში სწრაფად არის მოსალოდნელი. დანარჩენი შემოსავლების აღსადგენად საჭიროა მუშაობა ევროკავშირის, ისრაელის, უკრაინის და გალფის ქვეყნების მიმართულებით.

ავტორი: გიორგი ბრეგაძე

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სრული პროფესორი