ევროპული ავიაკომპანიები აეროპორტებს გადასახადის შემცირებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ოლირი ამბობს, რომ “თვითმფრინავების რაოდენობა გაიზრდება იქ, საიდანაც ავიაკომპანიები უკეთეს წინადადებებს მიიღებენ”.

მან მაგალითად მოიყვანა, Ryanair-ის გაფართოების სქემა ვენეციის აეროპორტში, სადაც დეკემბერში ახალი ბაზის გახსნის შესახებ გამოცხადდა და სადაც კონკურენტული ტარიფების ფონზე 18 ახალი მარშრუტი ამოქმედდა.
”როდესაც აეროპორტები სავსეა, ფასები იზრდება, ხოლო როდესაც აეროპორტები ცარიელია, შესაძლებელია უფრო დაბალ ფასზე მოლაპარაკება”, – განაცხადა დიდ ბრიტანეთში ავიაკომპანია Wizz Air-ს მმართველმა დირექტორმა ოუეინ ჯონსმა.

easyJet-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა ენდრიუ ფინდლეიმ განმარტა, რომ ავიაკომპანია აეროპორტებთან ფასების დაკლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

”ცხადია, მათ სურთ აეროპორტებში რაც შეიძლება მეტი მგზავრი ჰყავდეთ, ისევე როგორც ჩვენ”, – თქვა მან.

როგორც ცნობილია, აეროპორტის შემოსავლები აერთიანებს ავიაკომპანიის მიერ გადახდილ საფასურს ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის გამოყენებისათვის, აგრეთვე შემოსავალს საცალო ვაჭრობის ადგილებიდან, კვების ობიექტებიდან და ავტოსადგომებიდან. პანდემიის დროს სამგზავრო მიმოსვლის შემცირებამ შემოსავლის ყველა წყარო შეასუსტა.

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) გენერალური დირექტორი ოლივიე იანკოვეცი განმარტავს, რომ აეროპორტების ფინანსური მდგომარეობა უარესდება და დაბალი მოსაკრებლების მოთხოვნა მიუღებელია. მისი თქმით, ავიაკომპანიებს “სურთ კრიზისი გამოიყენონ, როგორც ხარჯების შემცირების შესაძლებლობა”.

”არ შეიძლება იმის მოლოდინი იყოს, რომ აეროპორტის გადასახადები შემცირებას გააგრძელებენ”, განაცხადა მან და დასძინა, რომ აეროპორტებისათვის ფიქსირებული ხარჯების შემცირება კრიზისულ პერიოდშიც შეუძლებელია.
იანკოვეცმა აღნიშნა, რომ ამ მომენტში ფასდაკლება გარდაუვალია, თუმცა აღდგენის ეტაპზე, “როდესაც ახალ რეალობას დავინახავთ, საჭირო იქნება ბალანსის აღდგენა”.

ACI Europe-ს შეფასებით, პანდემიის დროს ევროპაში საჰაერო მარშრუტების რაოდენობა 6 ათასით შემცირდა, რის შედეგადაც აეროპორტები იძულებულნი არიან სამგზავრო მიმოსვლის აღსადგენად კონკურენცია გაამძაფრონ.

თავის მხრივ, ევროპული აეროპორტები შეშფოთებულნი არიან პანდემიის უარყოფითი შედეგებით და ევროკავშირისგან დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვენ.