აშშ-ში, აეროპორტებში თვითმფრინავების გადაადგილებისთვის PUSH BACK-ის უნიკალური სისტემა შეიქმნა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს. 

პროტოტიპი უკვე შემუშავებულია ოკლაჰომაში, არდმორის ინდუსტრიულ პარკში და ის კომპანია ATS World Wide-მ შექმნა.

ახალი ტექნოლოგია შეამცირებს როგორც საწვავის მოხმარებას, ასევე აეროპორტში თვითმფრინავის “ბუქსირისას” ადამიანური შეცდომების რისკსაც.

ATS World Wide-ს ხელმძღვანელის ვინუს ხაუის განმარტებით, სისტემის შექმნის იდეა გაჩნდა კომპანიის დამფუძნებლისა და მისი მეგობარ პილოტის ჩვეულებრივი საუბრის დროს. მან თქვა, რომ დაფრენის შემდეგ, სადგომამდე მისასვლელად სამიმოსვლო ბილიკზე გადაადგილებისას 2 ტონა ნავთი დაიხარჯა.

ექსპლუატაციის პრინციპი ითვალისწინებს იმას, რომ სპეციალური ეტლი თვითმფრინავს ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე შეხვდება, დამაგრდება მას და თავად უზრუნველყოფს თვითმფრინავის სადგომამდე მიყვანას. ამავე სპეციფიკით მოხდება, პირიქით, სადგომიდან ასაფრენ/დასაფრენ ბილიკამდე თვითმფრინავის გადაადგილებაც. 

ამ დროს თვითმფრინავის ძრავების გათიშვა შესაძლებელია, რის შედეგადაც დაიზოგება საწვავი. ახალი ტექნოლოგია არ წარმოქმნის დამატებით ემისიებს გარემოში, რადგან ის ელექტროენერგიაზე მუშაობს. 

სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, სისტემა რადარის გამოყენებით თავად აკონტროლებს აეროპორტის ტერიტორიაზე ნებისმიერ გადაადგილებას. 

სისტემის ექსპლუატაციისთვის აეროპორტის ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად კი სამიმოსვლო ბილიკის ცენტრში, საჭირო გახდება 80 სმ სიღრმეზე და 1,2 მეტრი სიგანეზე გვირაბების ქსელის აშენება.

ბილიკის ქვეშ ერთი მეტრი გვირაბის გაყვანის ღირებულება 3,1 ათასი დოლარია, ხოლო ეტლის მექანიზმის მონტაჟი – 78 ათასი დოლარი.

დიდ აეროპორტებს ახალ სისტემას სამართავად 20 ადამიანის დაქირავება დასჭირდებათ. თუმცა მისი დანერგვის შემდეგ, აეროპორტის მენეჯმენტს პერსონალის ოპტიმიზაცია დასჭირდება. მაგალითისთვის, ფრანკფურტის აეროპორტში დასაქმებულთა რაოდენობა შეიძლება 400-ით შემცირდეს.