საავიაციო ინდუსტრიის ექსპერტები 2055 წელს უფრო რეალისტურ ვადად მიიჩნევენ CO2-ის ნულოვანი ემისიების მიზნის მისაღწევად. ადრე გამოცხადებული პერიოდის 5 წლით გაზრდა განპირობებულია ავიაციის ნელი პროგრესითა და მზარდი პრობლემებით. ეს არის Ipsos კვლევის მთავარი დასკვნები, რომელიც ძრავების მწარმოებელი კომპანია GE Aerospace-ის დაკვეთით მომზადდა.

საავიაციო ბიზნესის 325 ლიდერის გამოკითხვა ჩატარდა ექვს ქვეყანაში – აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საფრანგეთში. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 46%-ს სჯერა, რომ ინდუსტრია 2050 წლისთვის ნულოვან ემისიებს მიაღწევს, 22%-ი არ არის დარწმუნებული, ხოლო 32%-ი ამბობს, რომ ეს არ მოხდება ამ თარიღისთვის.

იმავდროულად, გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ზოგადად, რესპონდენტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მიზნები სავარაუდოდ 2055 წლისთვის იქნება მიღწეული.

2050 წლისთვის კლიმატის მიზნის მისაღწევად ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო ხარჯების ზრდა, საბიუჯეტო ზეწოლა, მიწოდებისა და ენერგორესურსების საკითხები, ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხულთა ნახევარმა ინდუსტრიას ეკოსაწვავის და წყალბადის ნაზავის საწვავის მეტი გამოყენებისკენ მოუწოდა, ხოლო 34%-მა მოითხოვა ჰიბრიდული ძრავების განვითარება და ძრავების უფრო ეფექტური დიზაინი.

გარდა ამისა, საავიაციო კომპანიების ლიდერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მთავრობების მიერ მწვანე საწვავის წარმოებაში ინვესტიციების ზრდას.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა დაახლოებით 74%-მა განაცხადა, რომ შეინარჩუნებს ან გაზრდის ინვესტიციებს ამ სფეროში ინფლაციის ან რეცესიის პირობებშიც კი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ყოველწლიურ შეხვედრაზე ინდუსტრიამ მოითხოვა ეტაპობრივი გაზრდა ეკოლოგიურად სუფთა თვითმფრინავის საწვავის გამოყენების შესახებ და დაისახა მიზანი 2050 წლისთვის CO2-ის ემისიის ნულამდე შემცირების შესახებ. თუმცა, ჯერჯერობით, ეკოსაწვავი მთლიანი მოხმარების 0.1%-ს შეადგენს მისი შეზღუდული ხელმისაწვდომობისა და მაღალი ფასების გამო.

IATA პროგნოზირებს, რომ მდგრადი საავიაციო საწვავი უზრუნველყოფს ნახშირბადის შემცირების დაახლოებით 62%-ს, რომელიც საჭიროა 2050 წლისთვის წმინდა ნულის მისაღწევად.