საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოს აეროპორტები 1 050 864 მგზავრს მოემსახურა, რაც 33%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 3%-ით აღემატება.
2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 713 660 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 89%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 253 073 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წლის პირველ კარტალთან შედარებით 108%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-მარტში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 61%-ით აღემატება აეროპორტის მიერ, 2019 წლის პირველ სამ თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 77 077 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 13%-ია, ხოლო 2019 წლის იანვარ-მარტთან მიმართებაში 49%-ი.
მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 2 494 მგზავრს მოემსახურა, რაც 77%-ით მეტია ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 100%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის პირველ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა 254 მგზავრი მიიღო, რაც 9%-ით ნაკლებია, 2022 წლის იანვარ-მარტში მომსახურებული მგზავრების რაოდენობაზე და 30%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე. 2019 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 231%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალთან მიმართებაში ზრდა 183%-ს შეადგენს. აეროპორტი 4 306 მგზავრს მოემსახურა.
2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 4 839 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 3 802-ს, ხოლო ჩარტერების – 1 037-ს. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს.