სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) ნორმატიული აქტების პროექტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის პროექტი გამოიტანა განსახილველად.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის მიღების მიზანს წარმოადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვისათვის და ექსპლუატაციისთვის პროპორციული ნორმების დადგენა.
„კერძოდ, წესის მიღება გაამარტივებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მფლობელებისთვის და ოპერირებით დაინტერესებული პირებისთვის ამ დრომდე პრობლემატურ საკითხად არსებულ საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის უზრუნველყოფის პროცესს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ წესის მიღება ხელს შეუწყობს ამ ტიპის საჰაერო ხომალდების პოპულაციის ზრდას და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას საქართველოში.
ნორმატიული აქტის პროექტი ადგენს მოთხოვნებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მიმართ და განსაზღვრავს მათი იდენტიფიცირების, აღრიცხვის, მოდიფიკაციის და ექსპლუატაციის წესებსა და პირობებს.
წესის პროექტი ეფუძნება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგულირების კუთხით არსებულ ევროპულ გამოცდილებას, კერძოდ, საფრანგეთის წარმატებულ პრაქტიკას“, – აღნიშნულია GCAA-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წესის ამოქმედება 2024 წლის 1 თებერვლიდან იგეგმება.
ნორმატიული აქტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე: https://gcaa.ge/draft-regulations/
წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ 2023 წლის 5 დეკემბრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: uas-ga@gcaa.ge.