ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ს ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქართული მხარის მოწვევით ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ კომპანია მზადაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებებით ახალი ავიარეისები დაამატოს.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტი საქართველოში ქართული მხარის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ადგილზე გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.
„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, რა დროსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატება განვიხილეთ. ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე უკვე მიმდინარე წელს ვიხილავთ Wizz Air-ის ახალ მიმართულებებს ქუთაისის აეროპორტში, რასაც ძალიან პოზიტიური ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის დინამიკის ზრდაში და რაღა თქმა უნდა, ავიაციის სექტორის გაძლიერებაში”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.