ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Wizz Air-ის ბორტის ინციდენტი, რომლის დროსაც თვითმფრინავს ავარიული ტრაპი გაეხსნა, სააგენტოს პირველადი შეფასებით მათი მოკვლევის საგანს არ წარმოადგენს.

„საავიაციო შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფარგლებში ინფორმაცია მიღებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. სააგენტოს  პირველადი შეფასებით, ინციდენტი არ წარმოადგენს მოკვლევის საგანს. ავიაკომპანიის მიერ უზრუნველყოფილია პროცედურებით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე ზედამხედველობას ახორციელებს უნგრეთის საავიაციო ხელისუფლება“, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

როგორც ცნობილია ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისი-თბილისის რეისზე 160 მგზავრის ნაცვლად 110 მგზავრი აიყვანა, რის მიზეზადაც თვითმფრინავზე ავარიული ტრაპის გახსნა დასახელდა.

„26 სექტემბერს, ავიაკომპანია Wizz Air-ის ბორტს, რომელმაც შეასრულა ბერლინი-ქუთაისის რეისი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქანზე გაჩერების შემდეგ გაეხსნა ავარიული ტრაპი. ინციდენტის მიზეზს ავიაკომპანია და საავიაციო სფეროს შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში იკვლევენ. რადგან ხომალდზე ავარიული ტრაპების რაოდენობა ერთით შემცირდა, ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, იმავე საჰაერო ხომალდით ქუთაისი-ბარსელონას რეისზე დაუშვას მგზავრების შემცირებული რაოდენობა. რეისზე გამოცხადებული 160 მგზავრიდან გამგზავრება მხოლოდ 110 მგზავრმა შეძლო. დარჩენილ 50 მგზავრთან ამ წუთებში მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა. ისინი ავიაკომპანიის სხვა რეისებზე გადანაწილდებიან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, ისევე, როგორც ავიაკომპანიისთვის, პრიორიტეტულია მგზავრების უსაფრთხოება. შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით, ყველა ღონისძიება განხორციელდება უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით”, აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.