ქუთაისის აეროპორტში ბერლინი-ქუთაისის რეისზე მომხდარ ინციდენტს Wizz Air-ი ეხმიანება. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზარალებული მგზავრები კომპენსაციას შესაბამისი რეგულაციისა და Wizz Air-ის პოლიტიკის შესაბამისად მიიღებენ. ამავდროულად კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის და განმარტავს, რომ კომპანიისთვის მგზავრთა უსაფრთხოება ძირითადი პრიორიტეტია. შეგახსნებთ, რომ 26 სექტემბერს, ავიაკომპანია Wizz Air-ის ბორტს, რომელმაც შეასრულა ბერლინი-ქუთაისის რეისი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქანზე გაჩერების შემდეგ გაეხსნა ავარიული ტრაპი. ინციდენტის მიზეზს ავიაკომპანია და საავიაციო სფეროს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.

ხომალდზე ავარიული ტრაპების რაოდენობა ერთით შემცირდა, შესაბამისად, ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, იმავე საჰაერო ხომალდით ქუთაისი-ბარსელონას რეისზე დაუშვას მგზავრების შემცირებული რაოდენობა. რეისზე გამოცხადებული 160 მგზავრიდან გამგზავრება მხოლოდ 110 მგზავრმა შეძლო.